მთავარისაქართველომიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ჩაერთო. მან სიტყვით მიმართა საზოგადოებას. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 1990 წლის შემდეგ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები იქნება. მისი თქმით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან წასვლას არჩევნების გზით არ აპირებს და მთავრობის შეცვლისთვის მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ერთობლივად და კოორდინირებულად მუშაობა. მიხეილ სააკაშვილი ასევე შეეხო ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემას და განაცხადა, რომ ეს არჩევნების გაყალბებისთვის შექმნილი სისტემაა, რომელიც რუსეთშიც მოქმედებს. სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც გამოეხმაურა. მან ისაუბრა პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც ის ამბობდა, რომ დსთ-ის დაშლაში წვლილი მიხეილ სააკაშვილსაც მიუძღვის.

სასამართლო სხდომაზე დღეს 7 ნოემბრის საქმეს განიხილავდნენ. სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი წარუდგინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლება, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი არსებითად დაარღვია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend