მთავარიამერიკააშშ"ჩვენ გაფრთხილებდით" - გამოფენა ეკოლოგიაზე

“ჩვენ გაფრთხილებდით” – გამოფენა ეკოლოგიაზე

„ჩვენ გაფრთხილებდით“ – ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც აშშ-ში იმართება და 33-ზე მეტ ნამუშევარს აერთიანებს. აქ შეხვდებით 1970 წლიდან 2020 წლამდე შექმნილ ნამუშევრებს. ყველა მათგანი დედამიწის მოსახლეობას პლანეტაზე ზრუნვისკენ მოუწოდებს და თითოეული მათგანი განსხვავებულია…

აი, მაგალითად, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი პოსტერი. მამაკაცი აირწინაღში ცდილობს, გაიპარსოს წვერი.

„ეს დედამიწის დღის სულ პირველი პოსტერია, 1970 წლიდან. რობერტ რაუშენბერგის ნამუშევარია, ის იმ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი მხატვარი იყო, ყველაზე ცნობილი შეერთებულ შტატებში. დედამიწის დღის პირველი აღნიშვნა მართლაც, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მან 20 მილიონი ამერიკელი შეკრიბა. ქვეყნის მოსახლეობის 10% გამოვიდა ამ დღეს ღონისძიებაზე. ამ დროს ქალაქ სანტა ბარბარას მახლობლად, სანტა ბარბარას არხში ნავთობი ჩაიღვარა, ეს იმ დროისთვის ყველაზე დიდი ნავთობის დაღვრა იყო და ამ ფაქტმა მოსახლეობა შეაშფოთა“, – ტიმ მედლანდი, გამოფენის კურატორი.

აქ ყველა ნამუშევარი ერთი დიდი ამბის სხვადასხვა დეტალს ჰყვება. იმ ამბის, რომელიც ყველას გვეხება, თუმცა აქ თითოეულ ნამუშევარს თავისი ისტორია აქვს.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნამუშევარია, სატელევიზიო რეკლამიდანაა პოსტერი. რეკლამაში ამერიკელი ინდიელი მდინარის გასწვრივ მოძრაობს, ხელში ქილა უჭირავს და ქილაში მკვდარი თევზი ჰყავს. მის ზურგს უკან კი კვამლია. კამერა სახესთან ახლოს მიდის და კარგად ჩანს, რომ თვალები ცრემლიანია, მამაკაცი კი მკაცრად ამბობს: „ადამიანები იწყებენ დაბინძურებას და მხოლოდ მათ შეუძლიათ ამის შეჩერება“. ამ რეკლამამ ძალიან დიდი გავლენა იქონია და ადამიანებმა დაიწყეს ფიქრი იმაზე, რომ ნაგავი მდინარეში არ უნდა ჩაყარონ“, – ტიმ მედლანდი, გამოფენის კურატორი.

საგამოფენო დარბაზში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს ამერიკის შეერთებული შტატების 37-ე პრეზიდენტის ციტატა იკავებს. რიჩარდ ნიქსონმა ეს სიტყვები 1970 წელს თავის მიმართვაში თქვა: „1970-იანი წლების ყველაზე მთავარი შეკითხვა შემდეგია – დავნებდეთ ჩვენს გარემოცვას და დავემშვიდობოთ ბუნებას, თუ გამოვასწოროთ ის ზიანი, რომელიც ჩვენს ჰაერს, მიწასა და წყალს მივაყენეთ”.

გამოფენა თებერვლამდე გაგრძელდება და მსურველებს ნამუშევრების ნახვა სწორედ ამ დრომდე შეეძლებათ. იმ ნამუშევრების, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ეკოლოგიური პრობლემების გარშემო დებატების დაწყებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend