არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ანაკლიიდან 4 კილომეტრში რუსული საზღვაო ფლოტის განთავსებაზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირება არც საკმარისი და არც ეფექტიანი არ არის. მათი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ფიჩორთან, ანაკლიიდან 4 კილომეტრში, მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოები უკვე სამი კვირაა დაწყებულია. „რუსი სამხედროები, ადგილობრივებთან საუბრისას აცხადებენ, რომ ფიჩორს ექნება ოჩამჩირის დიდი სამხედრო საზღვაო ბაზის დამხმარე ფუნქცია; რუსები მიმდინარე პერიოდში აქტიურად ატარებენ წვრთნებს, რა დროსაც გამოყენებული იყო დრონების შეტევის იმიტაცია ოჩამჩირის სამხედრო პორტზე; ოჩამჩირის მოსახლეობის განცხადებით, ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების განთავსების პროცესი, რასაც, სავარაუდოდ, უკრაინული დრონებისა და რაკეტების წინააღმდეგ გამოიყენებენ. მოსალოდნელი საფრთხის მასშტაბის გათვალისწინებით, ხელისუფლების მიერ ამ დრომდე მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის დეკლარირებული პროტესტი არასაკმარისი და არაეფექტიანია“, – ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება ხელისუფლების რეაქციას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული საზღვაო ფლოტის განთავსება უარყოფითად შეაფასა.