მთავარისაქართველოპერსონალური გამცილებელი

პერსონალური გამცილებელი

მარიამ ნინიკაშვილი დაახლოებით წლინახევრის იყო, როდესაც მხედველობის პრობლემები დაეწყო.  როცა სკოლაში მიიყვანეს, აღმოჩნდა, რომ იქ გარემო არ იყო შესაბამისად ადაპტირებული და სწავლისათვის თავის დანებება მოუწია. უკვე 9 წლისა იყო  მარიამი, როცა გაიგო, რომ 202-ე სპეციალიზებული სკოლა არსებობდა. სწორედ ამ სკოლაში დაიწყო სწავლა მარიამმა. ეს სკოლა დაამთავრა და ახლა, აქვე,  „მოსწავლის ასისტენტად“ მუშაობს. მოსწავლის ასისტენტობა სწორედ ამგვარ სპეციალიზებულ სკოლებშია მიღებული.

მარიამი ამბობს, რომ უსინათლოებისთვის კვლავ, ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს საქართველოში.

“გარემოს ხელმისაწვდომობაც პრობლემაა ჩვენთვის, თუნდაც ის, რომ ყველა ავტობუსში არ ხდება გაჩერებების გამოცხადება, თითქოს ტაქტილური ბილიკებიც არის, თუმცა ყველგან არ არის, ხმოვანი შუქნიშნებიც გვაქვს, მაგრამ არა ყველგან, ამ მხრივ რაღაცები ვითარდება, თუმცა ჯერ ძალიან ბევრი გამოწვევაა”, – ამბობს მარიამ ნინიკაშვილი. 

მარიამს თავადაც სჭირდება დახმარება. ამისათვის მას სამსახურში წასასვლელად პერსონალური გამცილებელი აკითხავს.

რას გულისხმობს და როდის დაიწყო „პერსონალური გამცილებლის“  საქმიანობა?

“შარშან სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის შეიქმნა საზოგადოებრივი შრომის ვაკანსიები და ამ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს უსინათლოთა კავშირის აქტიური ჩართულობით, შემუშავდა უსინათლოთა გამცილებლის ე.წ. ქვეპროგრამა, რომლის ფარგლებშიც აქტიურ უსინათლოებს, როგორებიც არიან დასაქმებულები და სტუდენტები, მათ ემსახურებათ პერსონალური გამცილებელი, რომელიც უზრუნველყოფს სახლიდან დანიშნულების ადგილას და უკან დაბრუნების სერვისს. რა თქმა უნდა, ეს არ არის სრულყოფილი, მაგრამ ამ პროგრამის გაჩენა უმნიშვნელოვანესია და ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც ხელს უწყობს უსინათლო ადამიანის დამოუკიდებელ ცხოვრებას, ეს არ არის პროტოკოლიზირებული და სტანდარტიზირებული პერსონალური ასისტენტის პროგრამა, პერსონალური ასისტენტის პროგრამა 2024 წლიდან უნდა დაიწყოს, საპილოტე პროგრამები იყო სხვა დარღვევების მქონე შშმ პირთათვის, თუმცა ამ ფარგლებში არ იყვნენ ჩართულები უსინათლოები, ეს შეიძლება ერთგვარი საპილოტე პროგრამაც კი არის, წინარე მოსამაზადებელი ეტაპია 2024 წლისათვის, როცა უნდა დაიწყოს მთელი ქვეყნის მასშტაბით სტანდარტიზებული პერსონალური ასისტენტის პროგრამა”, – ამბობს საქართველოს უსინათლოთა კავშირის ადვოკატირების კოორდინატორი დავით ბიბილეიშვილი. 

საქართველოს მთავრობას აღებული აქვს ვალდებულება 2024 წლის 1-ელ იანვრამდე უზრუნველყოს პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტებისა და წესების, მათ შორის, პერსონალური ასისტენტის შერჩევის კრიტერიუმების დამტკიცება.

მარიამ ნინიკაშვილი ამბობს, რომ პერსონალური გამცილებელის მოძიება თავად უწევს და ხშირად დაბალი ანაზღაურების გამო გამცილებელი მალევე ტოვებს სამსახურს.

“საკმაოდ შორიდან მიწევს სიარული სამსახურში და ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რომ გვერდზე მომყვებოდეს ისეთი ადამიანი, რომელიც დამეხმარება გადაადგილებაში და რადგან ეს ოჯახის წევრს არ შეუძლია, ყოველდღიური საჭიროებიდან გამომდინარე, ძალიან დამეხმარა იმაში, რომ მუშაობა დამეწყო, მოძიება კი ცოტა რთული იყო იმიტომ, რომ ჩემი მოსაძიებელია პერსონალური ასისტენტი, მაგრამ რაც მთავარია, გამომივიდა, შევძელი ის, რომ გაგვეფორმებინა ხელშეკრულება და ევლო, ემუშავა ამ ადამიანს ჩემთან და დღემდე ასე გრძელდება”.

მარიამს იმედი აქვს, რომ პერსონალური ასისტენტის პროგრამა გაგრძელდება და დროსთან ერთად დაიხვეწება, რადგან თუ ეს პროგრამა შეწყდება და მას გამცილებელი აღარ ეყოლება, სკოლაში სიარულს, იქ მუშაობასა და ბავშვების დახმარებას ვეღარ შეძლებს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend