მთავარიმსოფლიო"ჩვენ არ გვსურს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოება" - ენტონი ბლინკენი

“ჩვენ არ გვსურს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოება” – ენტონი ბლინკენი

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ჯარისკაცები კიდევ ერთხელ მოინახულა და მათ მომავალ სამხედრო ოპერაციაში წარმატება უსურვა, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, “ჰამასი” მალე აღარ იარსებებს.

ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ ჯარისკაცებთან Copyright ბენიამინ ნეთანიაჰუს “ტვიტერის” გვერდი

ისრაელის პრემიერ-მინისტრის მიერ ჯარისკაცების მონახულების პარალელურად ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის მეთაურის თქმით, არმია ღაზის სექტორში საბრძოლველად მზად არის და შემდეგ ნაბიჯებს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ერთად შეათანხმებენ. ვაშინგტონი კი ცდილობს, რომ “ჰამასსა” და ისრაელს შორის კონფლიქტი რეგიონულ ომში არ გადაიზარდოს.

“ჰამასსა” და ისრაელს შორის კონფლიქტს ღაზის სექტორში უკვე შეეწირა 5 ათასზე მეტი პალესტინელი, დაჭრილია 16 ათასზე მეტი ადამიანი.

პალესტინელები ისრაელის დაბომბვის შემდეგ განადგურებულ შენობებს აკვირდებიან, ღაზის სექტორი, 25 ოქტომბერი, 2023 წელი Copyright AP Photo/Hatem Ali
დაშავებული პალესტინელი, ღაზის სექტორი, 25 ოქტომბერი, 2023 წელი Copyright AP Photo/Hatem Ali

ისრაელში 1400-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. ისრაელის 200-ზე მეტი მოქალაქე კი “ჰამასის” ტყვეობაში რჩება.

ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის მეთაურის თქმით, არმია ღაზის სექტორში საბრძოლველად მზად არის.

პიტერ ლერნერი, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესმდივანი: “ამ ეტაპზე ორი მიზანი გვაქვს. პირველი მიზანი “ჰამასის” ბოლომდე განადგურებაა. აუცილებელია, რომ “ჰამასმა” ვეღარასოდეს შეძლოს ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმის ორგანიზება და ამ მიზნით ღაზის სექტორის გამოყენება. მეორე მიზანი კი გატაცებული მოქალაქეების სახლში დაბრუნებაა. სამხედრო ოპერაციის ტემპი განპირობებულია სამხედრო მიზნებით. ჩვენი მიზანია, რომ სასურველს რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით მივაღწიოთ. სახმელეთო ოპერაციის წამოწყება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და აუცილებელია, რომ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მიიღოს ეს გადაწყვეტილება, ჩვენთვის ყოველი დღე უკეთ მომზადების საშუალებას იძლევა, 300 ათასი ჯარისკაცია კონცენტრირებული, ეს დიდი რიცხვია. არსად გვეჩქარება, “ჰამასი” კი განადგურდება”.

პენტაგონში კი აცხადებენ რომ ვაშინგტონის მთავარი მიზანი ამ ეტაპზე “ჰამასსა” და ისრაელს შორის კონფლიქტის რეგიონულ ომში გადაზრდის თავიდან აცილებაა.

გენერალი პიტ რაიდერი, პენტაგონის პრესმდივანი: “ისრაელის წინააღმდეგ მებრძოლ დაჯგუფებებს ირანი აფინანსებს და უჭერს მხარს. ნათელია, რომ არსებობს საშიშროება ამ კონფლიქტის რეგიონულ ომში გადაზრდის. ვემზადებით რეგიონში ირანისგან მომავალი სააფრთხების შესაბამისად, არ გამოვროცხავთ კონფლიქტის ესკალაციას. ჩვენ ყოველთვის გვექნება თავდაცვისა და ჩვენი ინტერესების დაცვის უფლება”.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის გადადგომას ითხოვს ისრაელის მუდმივი წარმომადგენელი, არაბული სახელმწიფოების მუდმივი წარმომადგენლები კი ღაზის სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისზე საუბრობენ.

გილად ერდანი, ისრაელის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში: “მიმაჩნია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი თანამდებობიდან უნდა გადადგეს. მან ბოდიში უნდა მოიხადოს, წიააღმდეგ შემთხვევაში ამ შენობის არსებობას აზრიც კი არ აქვს. მან გაამართლა “ჰამასის” მიერ ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურება. უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა”.


პრინცი ფაიზალ ფინ ალ საუდი, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: “ცეცხლისშეწყვეტის შესახებ შეთანხმება იმპერატიული მნიშვნელობის მატარებელია. ღაზის სექტორში საშინელი მდგომარეობაა. ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე ვართ. ამ წუთებშიც იქ ადამიანები იღუპებიან, აუცილებელია რომ “ჰამასმა” ტყვეები გაათავისუფლოს, აუცილებელია მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა, ღაზის სექტორში სამხედრო მოქმედებები უნდა შეწყდეს”.


აიმან საფადი, იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: “აღშფოთებულნი ვართ მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობით. არაბული სახელმწიფოები ერთსულოვნები ვართ ამ თვალსაზრისით. ღაზის სექტორში 6 ათასი ადამიანი უკვე მოკლეს, არასრულწლოვანები, ქალები, ხანშიშესულები, მამები, შვილები, ეს ადამიანები ისრაელის მიერ გასროლილმა ბომბებმა დახოცეს”.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კი ირანს აფრთხილებს.

ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: “დამსწრე საზოგადოებას პირდაპირ გეუბნებით, რომ ჩვენ ომი არ გვსურს, ამ კონფლიქტის გაფართოება არ გვსურს. უთხარით ირანს საჯაროდ, საიდუმლოდ, ნებისმიერი გზით, რომ არ ღირს კონფლიქტის ესკალაცია, არ დაესხათ თავს ისრაელის პარტნიორებს. ტერორიზმის წინააღმდეგ თავდაცვის უფლება ყველა სახელმწიფოს აქვს. ვგმობთ “ჰამასის” მიერ ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას”.


ღაზის სექტორთან ისრაელის სამხედრო შენაერთების კონცენტრაცია გრძელდება.

ისრაელელი ჯარისკაცები ღაზის საზღვართან ახლოს, 24 ოქტომბერი, 2023 წელი Copyright AP Photo/ohad Zwigenberg

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend