“ქართული ოცნება” პრეზიდენტის მორიგი ვეტოს დასაძლევად ემზადება. კანონში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ შეტანილ ცვლილებებს სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს კანონი მოქალაქეთა დემოკრატიულ უფლებებს ზღუდავს. კანონში წერია, რომ საპროტესტო მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციებისა და კარვების მოწყობის აკრძალვის უფლება ადგილზე მობილიზებულ პოლიციას ექნება, თავისი შეხედულებისამებრ. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევენ და კანონიც ძალაში შევა, რადგან ქვეყანაში რადიკალურ ჯგუფებს არეულობის მოწყობის სურვილი აქვთ.
“”კანვასი”, ბაკურიანის შეკრება, ახლა უკვე „ფრიდრიხ ებერტის ფონდი“. ეს უკანასკნელი პირდაპირ სათაურით ამბობს – „წინააღმდეგობრივი ტალღა საქართველოში“. ასეთ სემინარებზე სიყვარულის ახსნას ხომ არ ასწავლიან არა? როგორ უნდა გასწიო წინააღმდეგობა, როგორ უნდა გამოიყენო „მოლოტოვის კოქტეილი“ პოლიციელის წინააღმდეგ, ისე რომ არ ააცილო. ეს არის მათი იდეა და გეგმა და ამას არც მალავენ. შესაბამისად, ჩვენი მიზანი არის, არ დავუშვათ არეულობა. ისინი აქციის მონაწილეებსაც გაწირავენ, ყველაფერზე წავლენ მიზნის მისაღწევად. ამიტომ ეს კანონი შესაბამისია“,- აცხადებს მმართველი უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი.
საპარლამენტო ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ მმართველ პარტიას მოქალაქეების პროტესტის ეშინია და თან ქვეყანაში აზრის თავისუფლად გამოხატვის ბევრი მიმართულებით შეზღუდვა სურს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, იმის მიუხედავად, რომ „ქართულ ოცნებას“ ვეტოს დაძლევა შეუძლია, პრეზიდენტის მიერ ეს იყო მორიგი სწორი პოლიტიკური აქტი დემოკრატიისთვის.
“მე არ მესმის, რატომ ეშინია „ქართულ ოცნებას“ მოქალაქეების შეკრებისა და კარვების. ამის უფლება საქართველოს მოქალაქეს კონსტიტუციით აქვს გარანტირებული. კარვების დადგმა, აზრის გამოხატვა და პროტესტი ეს არის დემოკრატიული ღირებულება. ეს კანონი, რაც მათ მიიღეს, ამ ყველაფერს ზღუდავს. საპროტესტო ტალღას, ადამიანების პროტესტს, თუ ამის სურვილი მოქალაქეებს გაუჩნდებათ, ნამდვილად ვერ შეაჩერებს ვერანაირი კანონი და შეზღუდვა. პრეზიდენტის ვეტო ამ შემთხვევაში დროულია, თუმცა ვიცით, რომ მმართველი პარტია მას დაძლევს“, – აცხადებს „ევროოპტიმისტების“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.
კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ მმართველმა პარტიამ დაჩქარებული წესით მიიღო. პრეზიდენტისა და ოპოზიციის გარდა ასეთი სახით ცვლილებების წინააღმდეგნი არიან არასამთავრობო ორგანიზაციები. ეუთო/ოდირს კანონის უარყოფითი შეფასება გაუგზავნა სახალხო დამცველის აპარატმაც. ომბუდსმენის ოფისი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონით ზიანი ადგება შეკრება-მანიფესტაციის უფლების კონსტიტუციურ სტანდარტს.
მმართველი პარტია ამ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში, უახლოეს პლენარულ სხდომაზე დაძლევს.
ალეკო გვეტაძე