მთავარიაზიაღაზაღაზის სექტორის მიწისქვეშა ქალაქი

ღაზის სექტორის მიწისქვეშა ქალაქი

ეს კადრები ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ „ჰამასის“ ერთ-ერთ გვირაბშია გადაღებული. გვირაბების ქსელი ღაზის სექტორის მიწისქვეშ უდიდეს სამხედრო კომპლექსს წარმოადგენს. ისრაელის თავდაცვის ძალების უმთავრესი მიზანი სწორედ ამ გვირაბების განადგურებაა. ექსპერტების შეფასებით, მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას თავად „ჰამასისთვისაც“ უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ ასეთ გვირაბებშია თავმოყრილი ტერორისტული დაჯგუფების საბრძოლო პოტენციალი.

„ჰამასის“ მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია უკიდურესად მწირია. უცნობია, სად და რა ფართობისა და დანიშნულების გვირაბებია მოწყობილი. საერთაშორისო მედიის ცნობით, რამდენიმე კვირის წინ ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელებული მასშტაბური იერიშის დროს „ჰამასის“ დაჯგუფების წევრებმა ასეთი გვირაბებითაც ისარგებლეს და ასე მოხვდნენ ისრაელის ტერიტორიაზე. ექსპერტების შეფასებით, სახმელეთო ოპერაციის გარეშე გვირაბების სრულად განადგურება თითქმის შეუძლებელია, ასევე დიდ რისკებთანაა დაკავშირებული სამხედრო სახმელეთო ოპერაციაც.

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორის გარე პერიმეტრზე არიან მობილიზებული. საჰაერო იერიშები კი ყოველდღიურად მიმდინარეობს. ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალური განცხადებით, სამიზნეებია „ჰამასის“ სამეთაურო პუნქტები, შეიარაღების საწყობები და ის ადგილები, საიდანაც ისრაელის ტერიტორიაზე მიაქვთ სარაკეტო იერიშები. ყოველ საჰაერო იერიშს თან ახლავს ღაზის სექტორიდან ცნობები მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის შესახებ. ექსპერტების შეფასებით, „ჰამასის“ გვირაბები სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ქვეშ გადის და, შესაბამისად, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშავების რისკი ამის გამოა გაზრდილი.

ისრაელის არმია მუდმივად მოუწოდებს მშვიდობიან მოსახლეობას, რომ დატოვონ ღაზის სექტორის ჩრდილოეთი ნაწილი, სადაც მათივე ინფორმაციით, „ჰამასის“ მიწისზედა და მიწისქვეშა ობიექტები ყველაზე მეტადაა კონცენტრირებული. ექსპერტების შეფასებით, ახლა ისრაელი ერთგვარი დილემის წინაშე დგას. „ჰამასის“ განადგურება გვირაბებზე იერიშის გარეშე ურთულესია, გვირაბების განადგურება კი მხოლოდ საჰაერო ოპერაციებით თითქმის შეუძლებელია.

ისრაელის ოფიციალური განცხადებით, ფულისა და მასალის დიდი ნაწილი, რომელიც მსოფლიომ ღაზის წინა ომების ზარალის ასანაზღაურებლად გადასცა, “ჰამასმა” სწორედ გვირაბების ასაშენებლად გამოიყენა. ამ დროისათვის არ არის ცნობილი, ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად “ჰამასის” გვირაბების რამდენი პროცენტია განადგურებული. ამ ეტაპზე ასევე უცნობია, დაიწყებს თუ არა ისრაელი სახმელეთო ოპერაციას „ჰამასის“ მიწისქვეშეთში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend