მთავარისაქართველო"რეკვიემი" ყველასთვის

“რეკვიემი” ყველასთვის

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში საერთაშორისო ფესტივალის ,,შემოდგომის თბილისის’’ დასკვნითი საღამო გაიმართა.

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში საერთაშორისო ფესტივალ “შემოდგომის თბილისის” დასკვნითი საღამო გაიმართა.

შაბათს, 21 ოქტომბერს, საკონცერტო დარბაზში შეკრებილ მსმენელს კომპოზიტორისა და დირიჟორის, ვახტანგ კახიძის, შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპოზიციის მოსმენის შესაძლებლობა მიეცა.

სამგლოვიარო მესის მიხედვით შექმნილი ,,რეკვიემი“ მაესტრომ მშობლების ხსოვნას მიუძღვნა.

ძალიან დიდი ხანი მინდოდა რეკვიემის დაწერა. მამაჩემი რომ გარდაიცვალა, მაშინაც მინდოდა. უკვე 21 წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ ვერ მოხერხდა. 2019 წელს დედა გარდაიცვალა. ეტყობა ასე უნდა მომხდარიყო, რომ ორივესთვის მიმეძღვნა. დავიწყე წერა და ძალიან მალე დავწერე. ეტყობა, ემოციურად მზად ვიყავი ამისთვის. ეს ეძღვნება ჩემი მშობლების ხსოვნას, მაგრამ პრემიერების შემდეგ “რეკვიემ” ხდება ყველასი. ყველას თავისი გასაჭირი აქვს და ბედნიერი ვიქნები… იმითი არა, რომ ვიღაცას რაღაც უჭირს, მაგრამ თუ ეს ნაწარმოები ექნებათ რაღაცის მოსაგონრად. სამწუხაროდ, სულ ხდება რაღაც ტრაგიკული. დაწერილია და თუკი ვინმეს დაამშვიდებს და დაეხმარება პრობლემის გადალახვაში, კმაყოფილი ვიქნები. ეს დაწერილია კანონიკური სამგლოვიარო მესის მიხედვით, კათოლიკურ-კანონიკურ ტექსტზე. მე დამატებული მაქვს ერთი ნაწილი სტაბატ მატერიდან და მე თვითონ მორგებული მაქვს ქართული ტექსტი, რასაც ბიჭი ასრულებს”, – ჰყვება ვახტანგ კახიძე, თბილისის სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი.

ბიჭი, დასკვნითი საღამოს კონცერტის მთავარი გმირი, 12 წლის სოლისტი გაბრიელ ჩომახაშვილია.

“თავდაპირველად, ეს კომპოზიცია 2021 წელს შევასრულე. მაშინ, რა თქმა უნდა, უფრო პატარა ვიყავი, 10 წლის. მაშინ უფრო გადატვირთული ვიყავი ემოციურად. წელსაც, რა თქმა უნდა, მქონდა ემოციები. ძალიან მიხარია, რომ კიდევ მომეცა შესაძლებლობა, მემღერა მაესტროსთან ერთად ეს შედევრი. ძალიან მიხარია, რომ კიდევ შევასრულე “რეკვიემი””, – ამბობს გაბრიელ ჩომახაშვილი, სოლისტი.

თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტმაისტერ ზურაბ გაბუნიას თქმით, კომპოზიცია შემსრულებლებისგან ტექნიკურ უნარებზე კიდევ უფრო მეტად ემოციურ მზაობას მოითხოვს.

,,პირველ რიგში მინდა მივულოცო ვატოს ესოდენ დიდი წარმატება. გრანდიოზული, ფანტასტიკური ნაწარმოებია. მოგეხსენებათ, საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს და ძალიან, ძალიან ემოციურია. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ორკესტრს მთლიანობაში შეიძლება ისეთი დატვირთვა არ ჰქონდეს, რაც რომელიმე კლასიკურ ნაწარმოებში, მაგალითად, რომელიმე სიმფონიაში, მაგრამ ყოველი ნოტი, ყოველი დეტალი ისე არის გათვლილი და იმდენად ზუსტად და ემოციურად შესასრულებელია, რომ უკიდურესად დიდ შთაბეჭდილებას ახდენს“, – აცხადებს ზურაბ გაბუნია, თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტმაისტერი.

,,როდესაც მოგვეცა შესაძლებლობა წარვმდგარიყავით აუდიტორიის წინაშე და ჩვენი ემოციები პირდაპირ მიგვეწოდებინა მსმენელისთვის, მათგანაც ვიგრძენით დამატებით ემოცია. სასწაული ატმოსფერო ტრიალებს დარბაზში. ვხედავთ პირდაპირ მსმენელს, რომელსაც ცრემლი მოსდის და ჩვენთვისაც ემოციურად ძალიან რთული შესასრულებელია. როდესაც ბავშვის წკრიალა ხმა გვესმის, ვცდილობთ, არ ავყვეთ ემოციებს და ვიფიქროთ იმაზე, რომ ჯერ კიდევ სამღერი გვაქვს“, – ამბობს სალომე კვალიაშვილი, მუსიკოსი.

წლევანდელ სეზონი 17 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდა. გაიმართა სულ 7 კონცერტი, რომლებშიც ქართველი მუსიკოსები და მსოფლიოში ცნობილი ვირტუოზები მონაწილეობდნენ. შესრულდა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები.

წლევანდელი სეზონი გამორჩეული იყო. 2023 წელს თბილისის სიმფონიურ ორკესტრს 30 წელი შეუსრულდა. საერთაშორისო ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ 1993 წლიდან იმართება და მისი მიზანი საქართველოში არსებული საკონცერტო ცხოვრების მდიდარი ტრადიციების წარმოჩენაა.

,,შემოდგომის თბილისის“ წლევანდელი სეზონის ძირითადი ნაწილი დასრულებულია, თუმცა, დიდი მოთხოვნის გამო 12 ნოემბერს სიმფონიური ორკესტრი ,,რეკვიემის’’ შესასრულებლად მსმენელის წინაშე კიდევ ერთხელ წარდგება.

სიმფონიური ორკესტრი მალე დაიწყებს მომავალი წლის სეზონისთვის მზადებასაც, თუმცა მანამდე, 18 ნოემბერს „ევროპალია-საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში, “რეკვიემი” ბელგიის ქალაქ ანტვერპენში დედოფალ ელისაბედის საკონცერტო დარბაზშიც გაჟღერდება.

ელენე ცუცქირიძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend