მთავარიგადაცემებიClimate Nowმეთანის დონე იზრდება - ხომ არ არის ეს ბუნების პასუხი დათბობაზე?

მეთანის დონე იზრდება – ხომ არ არის ეს ბუნების პასუხი დათბობაზე?

შვედი მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, თუ რა იწვევს ბოლო დროს კლიმატზე ძლიერი ზემოქმედების მქონე  სათბური აირის მეთანის დონის მკვეთრ მატებას – ადამიანის საქმიანობა თუ თავად ბუნება?

სამხრეთ შვედეთში მდებარე ასკოს  კვლევითი ბაზიდან, სადაც მეცნიერები  მეთანის საიდუმლოს სწავლობენ. ისინი შეშფოთებული არიან ატმოსფეროში მეთანის დონის სწრაფი მატებით და არავინ იცის დაზუსტებით, რატომ ხდება ასე.

ყველაზე თბილი სექტემბერი

პირველ რიგში, კლიმატის ცვლილების მონიტორინგის თანამგზავრული სისტემის „კოპერნიკუსის“ [Copernicus Climate Change Service] ბოლო მონაცემებს გადავხედოთ.

გლობალურ დონეზე გასული თვე ყველაზე თბილი გამოდგა, რაც კი ოდესმე აღნუსხულა, საშუალო ტემპერატურა 0.9 გრადუსით აღემატებოდა 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელს.

ევროპაში ყველაზე თბილი სექტემბერი გვქონდა,  ძალიან მაღალი და ანომალიური ტემპერატურით, რომელიც საშუალო მაჩვენებელს 2,5 გრადუს ცელსიუსით აჭარბებდა. საფრანგეთი, ბელგია, გერმანია, პოლონეთი და ავსტრია იყვნენ იმ ქვეყნების რიცხვში, რომლებშიც სექტემბერი რეკორდულად თბილი იყო.

სექტემბერში ცხელოდა და ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის ზოგიერთ ნაწილში კი  უჩვეულოდ  წვიმდა. ანომალიური ნალექების რუკა აჩვენებს, რომ ძლიერი წვიმა ქარიშხალ „დანიელს“ უკავშირდებოდა. ამის შედეგად წყალდიდობამ წალეკა ლიბია, თურქეთი და ბულგარეთი.

ანტარქტიდაში ზღვის ყინულის საფარის ფართობი 9 პროცენტით დაბალია 1991-2020 წლების სექტემბრის საშუალო მაჩვენებელზე.

უკვე ზედიზედ მეხუთე თვეა, რაც ანტარქტიდის ზღვის ყინულის საფარი წლის შესაბამის დროსთან შედარებით რეკორდულად მცირდება.

საიდან ჩნდება მეთანი?

ამჟამად მეთანის კონცენტრაცია ატმოსფეროში სულ უფრო იზრდება. ეს კი არ არის კარგი, რადგან მეთანი ძლიერი სათბური აირია. ჩვენ შევხვდით მეცნიერებს შვედეთში, რომლებიც ცდილობენ დაადგინონ, თუ რა არის  მეთანის წარმოშობის წყარო. მეთანი უფერო და უსუნო აირია, რომელიც კლიმატის დათბობას განაპირობებს. იგი წარმოიშობა როგორც  ადამიანის მრავალი საქმიანობის შედეგად, ისე ბუნებრივადაც. მეცნიერებს სურთ, გაიგონ, თუ რა რაოდენობის მეთანი ჩნდება ბალტიის ზღვაში.  ასეთი ტიპის გარემოს იშვიათად უწევენ მონიტორინგს, არადა, ამის გაკეთება უპრიანი იქნებოდა.

„ჩვენ წყლის ზედაპირზე გავუშვით ხელსაწყო, რომელმაც უნდა გაზომოს მეთანის, ნახშირორჟანგისა და წყლის ორთქლის მოცულობა,“ – ამბობს თეა ბისანდერისოდერტორნის უნივერსიტეტის დოქტორანტი.  „ზოგადად მეთანს ზღვის ფსკერი გამოყოფს, მაგრამ მაინც რა ტიპის გარემო წარმოშობს მას და რა მოცულობით? აი, ეს არის თავსატეხი.“

იმის გარკვევა,  თუ რა რაოდენობის მეთანს გამოყოფს ეს გამწვანებული სანაპირო ზოლი, მცირე მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რათა პასუხი გაეცეს რთულ კითხვას – მაინც რატომ იზრდება მეთანის დონე ასე მკვეთრად?

„მისი წარმოშობის წყარო ბუნებრივია, თუ ეს ადამიანური ფაქტორითა და მრეწველობითაა გამოწვეული? ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი დიდი პრობლემა, რომლის გადაჭრასაც ვცდილობთ. რა არის დროთა განმავლობაში მეთანის მოცულობის ზრდის მიზეზი?“, – განმარტავს ფოლკერ ბრიუხერტი, სტოკჰოლმის უნივერსიტეტის გეოქიმიის ასოცირებული პროფესორი.

გრაფიკი აჩვენებს, თუ როგორ იზრდებოდა მეთანის დონე ბოლო 20 წლის განმავლობაში. ამ აირის წარმოშობის სამი წყარო არსებობს. მისი ერთი მესამედი მოდის ნავთობისა და ბუნებრივი აირის მსგავს მრეწველობებზე, კიდევ ერთი მესამედი სოფლის მეურნეობაზე, რომელიც მეცხოველეობასაც მოიცავს და ერთი მესამედი ბუნებაზე. მაინც რომელი განაპირობებს ბოლო დროს მეთანის დონის ზრდას? გეოქიმიკოსი ფოლკერ ბრიუხერტი ამბობს, რომ ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გასაცემად გაცილებით მეტი ინფორმაცია უნდა მოგროვდეს, თუ რა ხდება ბუნებაში.

„ვიცით, რომ სოფლის მეურნეობა და წყლის გადამამუშავებელი ქარხნები გაცილებით მეტ მეთანს გამოყოფენ, ვიდრე ზოგიერთი ასეთი სანაპირო სისტემა. მაგრამ დედამიწაზე უამრავი სანაპიროა, რომელთა გავლენაც საკმარისად არ არის გათვალისწინებული“, – ამბობს ფოლკერ ბრიუხერტი.

ასევე არ მიმდინარეობს საკმარისი მონიტორინგი ჭაობებზე, ფერმებსა და ტყეებზე. ბუნება კი რთულია, განმარტავს ლინჩეპინგის უნივერსიტეტის გარემოს ცვლილების საკითხების პროფესორი დავიდ ბასტვიკენი. მან დაგვათვალიერებინა მშრალი მინდორი, რომელიც სავარაუდოდ შთანთქავს მეთანს და მის გვერდით მდებარე ჭაობიც, რომელიც ხელს უწყობს მეთანის წარმოქმნას.

„ეს მშრალი ადგილია. ჰაერი ნიადაგის ზედა ფენაში შედის, რაც ნიშნავს, რომ ის მეთანის მშთანთქავ ბაქტერიებს შეიცავს. ეს იქნება მეთანის შემწოვი სივრცე“, – განმარტავს დევიდ ბასტვიკენი. „აქეთ ეს ჭანჭრობი კი წყლითაა გაჟღენთილი, ეს ნიადაგი ანაერობულია (ჟანგბადს არ შეიცავს), მეთანის წარმომქმნელი მიკროორგანიზმები წარმოქმნის მეთანს და, შესაბამისად, ეს მეთანის  წყაროა. ჩვენს უკან ტყე კი მშრალი ჩანს, ამიტომ ის, სავარაუდოდ, მეთანს შთანთქავს. ნოტიო ტყეც შეიძლება იყოს მეთანის წარმომშობი, მაგრამ ეს კონკრეტული ტყე  მგონია, რომ შთანთქავს.“

პეიზაჟები იცვლება და გაჩნდა ვარაუდი, რომ ჩვენი პლანეტის დათბობასთან ერთად მეთანის წარმომშობი ბაქტერიები აქტიურდებიან. ეს კი დააჩქარებს დათბობას, რადგან მეთანი მძლავრი სათბური აირია.

„ყველაზე კარგი, რაც შეიძლება გავაკეთოთ, ის არის, რომ აღვკვეთოთ ადამიანის მიზეზით გამოწვეული გამონაბოლქვი, რადგან ამას ორმაგი ეფექტი ექნება: შემცირდება  ადამიანური ფაქტორით წარმოქმნილი გამონაბოლქვი, რაც ასევე შეამცირებს ბუნებრივ გამონაბოლქვს“, – ამბობს დევიდ ბასტვიკენი.

ავტორი: ჯერემი ვილქსი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend