მთავარიგადაცემებიპრიზმამათთვის, ვინც იბრძოდა...

მათთვის, ვინც იბრძოდა…

ყოველი წლის ოქტომბერში საქართველოში ვეტერანების დღე აღინიშნება. ეს მათი  დღეა, ვინც თავისი ქვეყნისთვის გადადო თავი, დაუფიქრებლად სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკით.  ყოველ 17 ოქტომბერს  მათ მხარდასაჭერად იკრიბებიან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, დიპლომატები, ვეტერანები, მათი ოჯახის წევრები და ახლობლები. წელსაც, როგორც ყოველთვის, ამ შეხვედრას ესწრებოდნენ “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” წარმომადგენლები, რომლებსაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ მისასალმებელ სიტყვაში განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი” 2018 წელს დააფუძნა კომპანია „სილქნეტმა“ და მას შემდეგ ფონდმა ვეტერანებისა და სამხედრო მოსამსახურეების დასახმარებლად 2,5 მლნ ლარზე მეტი მოიზიდა. ამ თანხით ფინანსდება მათი სამედიცინო ოპერაციები საზღვარგარეთ, სარეაბილიტაციო კურსები, სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება, ვეტერანთა ოჯახის წევრების მხარდაჭერა და ასე შემდეგ.

“პირველ რიგში რაც მინდა ვთქვა ამ დღესთან დაკავშირებით. ჩვენ, ჩვენმა ჯგუფმა შევძელით ჩვენი დამოკიდებულების გამოხატვა უშუალოდ ვეტერანების მიმართ, როდესაც შევქმენით “დაჭრილ მეომართა დახმარების ფონდი”, ეს არის ჩვენი დამოკიდებულების გამოხატვა, როდესაც ის ბიჭები, ვინც საქართველოს მთლიანობისთვის თავისი ჯანმრთელობა, თავისი ფიზიკური მდგომარეობა გაწირა და გადადო, ჩვენ ვალდებულად მიგვაჩნია ჩვენი თავი, რომ გამოვხატოთ მათ მიმართ პატივისცემა და გვერდში დგომა. ეს ფონდი უკვე მეხუთე წელია მუშაობს, ჩვენ ამ მიმართულებით ყოველწლიურად ვახერხებთ დაახლოებით 600-700 ათასი ლარის ფარგლებში შეგროვებას, საიდანაც 300 000 ყოველთვის “სილქნეტის” მიერ გაღებული დახმარებაა. დანარჩენი ეს არის როგორც ფიზიკური, ისე სხვადასხვა ბიზნესის მიერ გაკეთებული დახმარება. ეს აადვილებს ვეტერანებსა და ადამიანების სხვადასხვა ჯგუფს შორის კომუნიკაციას, მიმაჩნია ეს ფონდი არის ამ ურთიერთობის ყველაზე კარგი საშუალება. ყოველწლიური გამოცდილების ხარჯზე ვცდილობთ შევიტანოთ ცვლილებები კრიტერიუმებში, შინაგანაწესში, რა ფორმატითაც ვეხმარებით ვეტერანებსა და სამხედრო მოსამსახურეებს. მაგალითად, ჩვენ შევიტანეთ სიახლე, როდესაც გადავწყვიტეთ რომ მათ მეუღლეებსაც შეიძლება დავეხმაროთ ყველა მიმართულებით, ჯანმრთელობის თვალსაზრისით და მათ შვილებსაც. წელს კონკრეტულად გაგვიჩნდა ახალი მიმართულება, იდეა, ეს არის არა მარტო მედიკამენტებისა და ოპერაციების დაფინანსება, არამედ დახმარება იმ ვეტერანებისა და სამხედროებისთვის, ვინც სტრესულ მდგომარეობაში შემდგომში ფსიქოლოგიურ დახმარებას საჭიროებს. მიგვაჩნია, რომ ძალიან კარგი იქნება თუ ამაშიც ჩვენ, ვგულისხმობ მთლიან საზოგადოებასა და არა მარტო “სილქნეტს”, გვერდში დავუდგებით მეომრებსა და ისინი იგრძნობენ არა მარტო მედიკამენტურად, არამედ მორალურად და ადამიანურად გვერდში დგომას”, — აცხადებს „სილქნეტის“ გენერალური დირექტორი დავით მამულაიშვილი.

საზოგადოებისგან ვეტერანების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საუბრობს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე.

“ეს არის ერთ-ერთი ისეთი დღე, რომელიც ჩემი აზრით სინთეზია განცდების, ტკივილის, სიამაყის, წარსული დღეებისა და მომავლის. მინდა ყველას ერთად მივულოცო, ვეტერანები ის შემადგენლობაა, რომლებიც სიამაყით აღავსებენ ყველას, მოყვარულსაც და მტერსაც, თუ ღირსეულია. პირველ რიგში მინდა, რომ საზოგადოების ჩართულობა უფრო მეტი პროცენტით იყოს ამ დღესთან და საერთოდ ვეტერანების პრობლემატიკასთან დაკავშირებით და ამის საკმაოდ კარგი მაგალითია დაჭრილ, დაშავებულ მებრძოლთა ფონდი, რომელმაც თავისი დაარსებიდან დღემდე მილიონ ლარზე მეტი უკვე დახარჯა ვეტერანების ჯანმრთელობისა და სხვადასხვა მიმართულებით”, — ამბობს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე.

წელს ფონდმა 400 000 ლარი მოახმარა 52 დაჭრილ მებრძოლს, მათ შორის, დაფინანსდა სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება გერმანიის, თურქეთისა და ავსტრიის კლინიკებში. ფონდი აღჭურვილობით დაეხმარა ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალსაც. გასულ წელს კლინიკას გადაეცა კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატისთვის საჭირო დამხმარე აღჭურვილობა, წელს კი ფონდი კლინიკას ორთოპედიული სტომატოლოგიის განყოფილების აღჭურვაში დაეხმარა.

“მიმდინარე წელს მოგვეცა საშუალება “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” აქტივობის შედეგად დაგვენერგა სტომატოლოგიური უზრუნველყოფის პროგრამა, ომის ვეტერანებს, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის აქტივობების შედეგად ეძლევათ საშუალება მიიღონ ყველა ეს სერვისი, როგორც თერაპიული, ქირურგიული ასევე ორთოპედიული. ამ პროგრამის დანერგვა მოხერხდა მხოლოდ წელს, მოთხოვნა ძალიან მაღალია, სერვისები კი საკმაოდ ძვირი. ფონდის აქტივობის შედეგად შევიძინეთ სათანადო კაბინეტი და აღჭურვილობა, საშუალებები, რომ პროგრამა განხორციელდეს და იყოს სრულყოფილი. მიმდინარე ეტაპზე პროგრამა დაწყებულია, ათეულობით ვეტერანმა მიიღო უკვე მომსახურება, გაგრძელდება და გაფართოვდება”, — აცხადებს ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორი ამურ რევიშვილი.

ფონდი მუშაობას აგრძელებს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი თუ კომპანია ჩაერთოს ამ ინიციატივაში და საზოგადოება ვეტერანების დახმარების საქმეში გააერთიანოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend