ფემიციდი, სიცოცხლის უფლების ხელყოფა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის შემთხვევები, მედიაში არსებული გამოწვევები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წინაშე არსებული პრობლემები, დისკრიმინაცია, შრომის უფლება, ბავშვთა და ხანდაზმულთა სიღარიბე და სხვა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები – ეს ის საკითხებია, რაზეც დღეს ლევან იოსელიანმა, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიში წარადგინა.
ლევან იოსელიანის თქმით, საქართველოში სიღარიბე კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე მთავარ გამოწვევად. მან სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის კვლევა გაიხსენა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 17,5 პროცენტი ცხოვრობს, რაც დაახლოებით 652 ათასი ადამიანია. ასევე საქართველოსთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს ბავშვთა სიღარიბე. 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საარსებო შემწეობის მიმღები არასრულწლოვნების რაოდენობა 330 ათასზე მეტს შეადგენს.
და მიუხედავად ბავშვთა სიღარიბის მზარდი ტენდენციისა, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ შეუმუშავებია მისი შემცირების ეფექტიანი მექანიზმი.
საქართველოს სახალხო დამცველმა ასევე ისაუბრა ქალთა უფლებებსა და ფემიციდზე. მისი თქმით, გაზრდილია ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის შემთხვევები. კერძოდ, 2022 წელს 25 ქალის მოკლეს და 37 ქალის მკვლელობის მცდელობის შემთხვევა გამოვლინდა. 25 მკვლელობის შემთხვევიდან 15 ჩადენილია ოჯახური დანაშაულის ნიშნით. ხოლო მკვლელობის მცდელობას რაც შეეხება, აქ 37-იდან 28 ქალის მკვლელობის მცდელობა ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩაიდინეს.
სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე საუბარია გამოხატვის თავისუფლებასა და მედიის თავისუფლებაზე და ნათქვამია, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების სივრცის უფრო მეტად შეზღუდვის ტენდენცია შეინიშნება.
2022 წელს სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, შშმ პირებს კვლავ ექმნებათ სირთულეები დასაქმების კუთხით. დაბრკოლებას ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს დამსაქმებლების მხრიდან სტიგმის შემცველი დამოკიდებულება, რაც ხშირად მათი არაინფორმირებულობის შედეგია.
ლევან იოსელიანმა დღეს ხანდაზმულთა ცხოვრებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხანდაზმულები საქართველოში კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მარგინალიზებულ და დაუცველ ჯგუფს წარმოადგენენ. ანგარიშის თანახმად, საქართველოში ყოველწლიურად იზრდება მოსახლეობაში ხანდაზმულთა პროცენტული წილი, მათი 36% რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და შესაბამისად, მოწყვლადია.
სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე საუბარია შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევასა და შრომის უფლებაზე და ნათქვამია, რომ 2022 წელს სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 35 და დაშავდა 330 დასაქმებული.
რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს. სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძელდება მოქალაქეთა უკანონო დაკავებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა. ოფიციალური მონაცემებით, 2022 წელს საოკუპაციო ხაზზე, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 42 პირი, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 13 პირი დააკავეს.
ასევე გრძელდება უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და ართულებს მკვიდრი მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას. სამწუხაროდ, 2022 წლის განმავლობაში უკანონო „ბორდერიზაციის“ 69 შემთხვევა დაფიქსირდა.
სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიში წინა სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მომზადებულია და როგორც ლევან იოსელიანმა განაცხადა, მას ანგარიშში არაფერი შეუცვლია.