მთავარისაქართველოსაქართველოდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაიზარდა

ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების შესახებ რიგით მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა

“საქართველოდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 2022 წელს წინა წელთან შედარებით 81%-ით გაიზარდა”, – ვკითხულობთ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ვიზალიბერალიზაციის მეექვსე ანგარიშში. ანგარიშში წერია, რომ 2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებში განაცხადი თავშესაფრის მოთხოვნით სულ 26 450-მა საქართველოს მოქალაქემ წარადგინა. მცირედითაა გაზრდილი თავშესაფრის მინიჭების თანაფარდობაც: 2021 წელს განაცხადების 5% დაკმაყოფილდა, 2022 წელს კი – 7%.

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს მონაცემებით, საქართველო იმ ქვეყნების ათეულში შედის, საიდანაც ევროკავშირს თავშესაფრის თხოვნით ყველაზე ხშირად მიმართავენ. საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფარს ძირითადად უმუშევრობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ითხოვენ.

გაიზარდა საქართველოს იმ მოქალაქეების რაოდენობაც, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად იმყოფებიან: 2022 წელს მათი რიცხვი 21 910 იყო, რაც წინა წლის მონაცემზე 87%-ით მეტია. დოკუმენტში ასევე წერია, რომ 2022 წელს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლაზე უარი საქართველოს 3 970-მა მოქალაქემ მიიღო, 2021 წელს მათი რიცხვი 3 030 გახლდათ.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საერთო ჯამში საქართველო განაგრძობს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები ევროკომისიის წინა რეკომენდაციების შესასრულებლად, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მიღების შესახებ დაუსაბუთებელი განაცხადების პრობლემის მოსაგვარებლად. თუმცა რიგი საკითხები მეტ ძალისხმევას საჭიროებს. გამოწვევად რჩება კორუფციის მაღალი დონე და ევროპაში ქართული კრიმინალი. ევროკომისია ითხოვს:

ა)  საქართველოს სავიზო პოლიტიკა შეესაბამებოდეს ევროკავშირს მიდგომას იმ ქვეყნების მოქალაქეთა მიმართ, რომელთაც ევროკავშირში შესასვლელად ვიზა სჭირდებათ. კერძოდ, იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც ევროკავშირისთვის არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკებს წარმოადგენენ;

ბ) წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის მოთხოვნის თაობაზე უსაფუძვლო განცხადებებისა და არარეგულარული ყოფნის საკითხის მოგვარებაში ქმედებების გააქტიურებას;

გ) საიმიგრაციო კონტრაბანდასთან დაკავშირებული EMPACT-ის ოპერატიული სამოქმედო გეგმებში მონაწილეობას.

დ) “აქტივების აღდგენისა” და “მართვის ოფისის” შექმნას.

ე) ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღებას, მათი განხორციელებისთვის საკმარისი რესურსების უზრუნველყოფას და მაღალი დონის კორუფციული საქმეების გამოძიებას, დევნასა და სასამართლო განხილვისადმი განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენას;

ვ) ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სერვისებზე კანონმდებლობის ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანას.

საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა 2017 წლის 28 მარტიდან აქვთ.

თუმცა იმ შემთხვევაში თუ საქართველო არ შეასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, ევროკავშირი იტოვებს უფლებას, აამოქმედოს ე.წ. “შეჩერების მექანიზმი”.

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, ამ ეტაპზე ვიზალიბერალიზაციის გადახედვის საფრთხე არ დგას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend