მთავარისაქართველოჩინეთთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხზე დეპუტატებმა საგარეო საქმეთა მინისტრი დაიბარეს

ჩინეთთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხზე დეპუტატებმა საგარეო საქმეთა მინისტრი დაიბარეს

საქართველოს პარლამენტის 9 ოპოზიციონერმა დეპუტატმა საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ინტერპელაციის წესით დაიბარა. მინისტრთან დასმული მთავარი კითხვები ჩინეთთან საქართველოს სტრატეგიულ პარტინიორობას შეეხებოდა. მთავარმა მომხსენებლმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ მინისტრს მოსთხოვა საზოგადოებისთვის განემარტა, თუ რატომ არ მოხდა პარლამენტისათვის ქვეყნის საგარეო საკითხების ცვლილების შეთანხმება ან მინიმუმ ინფორმირება. ასევე ხომ არ მოდის ამერიკასა და ევროკავშირთან სტრატეგიული ურთიერთობისას წინააღმდეგობაში, მათ მთავარ მეტოქესთან, ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობა.

„როდესაც ამბობთ, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა ჩინეთის მხრიდან იმ ფონზე, როცა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე სიტყვა არ გაქვთ ტექსტში ნათქვამი, მე ამას ჩინეთს კი არ ვაბრალებ, მე ამას თქვენ გაბრალებთ! იქნებ კიდევ ერთხელ განმარტოთ გასაგებად, აქ არ წერია, რატომ არ იმუშავა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომ ჩინეთსა და საქართველოს ინტერესებთან მიმართებით ასიმეტრია არ ყოფილიყო. როცა შეგეძლოთ კვიპროსის დარად ტექსტში საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერაზე ყოფილიყო ჩანაწერი და არა ზოგადად. საერთოდ შემოვიდა თუ არა საგარეოში ეს ტექსტი. საოქმო ჩანაწერები მოგთხოვეთ და ამაზე პასუხი არ არის, რაც კიდევ უფრო მიმყარებს რწმენას, ეტყობა, საგარეოში საერთოდ არც ნახეს ეს ტექსტი. საერთოდ რასთან გვაქვს საქმე, როცა თქვენი მთავარი ამოცანაა როგორც საგარეო ფლანგის მინისტრის, საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა. თქვენ მე მიკითხავთ მთავრობის სტრატეგიას და იქაც არ წერია სტრატეგიულ პარტნიორობაზე არაფერი. გასაგებია, რომ, ეკონომიკის კუთხით, ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება წერია, მაგრამ მიპასუხეთ, ინდოეთთან, პაკისტანთან, იაპონიასთანაც ვაპირებთ საგარეო კუთხით სტრატეგიული პარტნიორობების ხარისხში ურთიერთობების აყვანას თუ არ ვაპირებთ? თუ ვაპირებთ, ეგეც უნდა ვიცოდეთ. იმიტომ რომ არც რეზოლუციაში, არც მთავრობის დოკუმენტში არ წერია მაშინ, როცა საგარეო პოლიტიკის რეზოლუციაში რუმინეთთან სტრატეგიული ურთიერთობები გვეწერა და დეკლარაციაც გაფორმდა შარშან. ხომ ასეა? წესით კარგად უნდა იცოდეთ, რომ ასეა! რაც შეეხება ნატოსა და ევროკავშირს, როდესაც ევროკავშირი ჩინეთთან სამ პრინციპს ეყრდნობა: პარტნიორობა, კონკურენცია და გლობალური მეტოქეობა და როცა ჩვენი არჩევანი არის დემოკრატიულად განვითარება, რაც ჩინეთის არ არის, რანაირად აწერთ ხელს იმას, რომ ჩინეთის მმართველობის ფორმებს გაიზიარებთ? ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან „ქართული ოცნება“ ივლის, აბა, მე რა ჯანდაბა მინდა?! რას ნიშნავს? ამას როცა ხელს აწერდით, როგორ მითარგმნით მე „მმართველობით ფორმაში გამოცდილების გაზიარებას“, როდესაც ჩვენი გაცხადებული ინტერესია დემოკრატია და ჩინეთის ნამდვილად არ არის დემოკრატია, რბილად რომ ვთქვათ. იქნებ გამაგებინოთ, გასაგებად, ჩინური პასუხები არ მინდა, ქართულად ამიხსენით რას ნიშნავს ეს ყველაფერი და თუ კიდევ ვაღრმავებთ, სადამდე უნდა წავიდეს ეს?! ყოფილა თუ არა კითხვები ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ამასთან დაკავშირებით?“ – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

“ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არ ეწინააღმდეგება და არანაირად არ შეაფერხებს საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, ევროპისა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას” , – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების პასუხად განაცხადა. მინისტრის განცხადებით, საქართველო და ჩინეთი პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც მათ ურყევ და თანმიმდევრულ პოზიციას წარმოადგენს. მინისტრის თქმით, საქართველოს უმთავრესი ამოცანაა ქვეყნის უსაფრთხოებაზე, სტაბილურ განვითარებასა და ეკონომიკურ გაძლიერებაზე ზრუნვა.

„რაც შეეხება გლობალურ კონტექსტს, საქართველო ისევე როგორც სხვა ქვეყნები და გაერო, მხარს უჭერს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, არსებული რეგიონული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებასა და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რაც მდგრადი განვითარების უმთავრესი საწინდარია. ერთობლივ განცხადებაში მოხსენიებულ ინიციატივებს სწორედ ამ ჭრილში განვიხილავთ. ამასთან, მიგვაჩნია, რომ განცხადების დებულებები საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის თანმიმდევრულია იმდენად, რამდენადაც საუბარია გაეროს 2030 წლისთვის გაწერილი მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების დაჩქარების, ასევე ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაძლიერებაზე მშვიდობიანი და სტაბილური საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოსთვის, რეგიონში ქვეყნების საერთო განვითარების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ. ჩინეთის სხვა სახელმწიფოებთან და კონკრეტულად რუსეთთან ურთიერთობებს რაც შეეხება, მათი ხასიათისა და განვითარების მიმართულებების განმსაზღვრელი ჩვენ ვერ ვიქნებით. ერთი რამ არის ცხადი, ჩინეთის ხელისუფლებას არასდროს დაუყენებია ეჭვის ქვეშ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ისიც კარგად მოეხსენება, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის ფედერაციას დღემდე ოკუპირებული აქვს და რომ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია მშვიდობიანი, პოლიტიკური მეთოდების გამოყენებით, მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არ ეწინააღმდეგება და არანაირად არ შეაფერხებს საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, ევროპისა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას“, – განაცხადა მინისტრმა.

ილია დარჩიაშვილს კითხვები დაუსვეს სხვა დეპუტატებმაც. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ანაკლიის პორტის მშენებლობისას ჩინეთის როლი და გავლენა მიაჩნიათ შემაშფოთებლად. კითხვები იყო ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალსა და საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების საკითხთან დაკავშირებითაც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend