მთავარისაქართველოპარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ,,მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ,,მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებები

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ „ქართული ოცნების“ ინიციატივა დაჩქარებული წესით განიხილა. შეტანილი ცვლილებებით კიდევ უფრო ფართოვდება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებები, მათ შორის სიძულვილის ენის რეგულირების კუთხით.

ცვლილებების განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ: “კანონპროექტი მიზნად ისახავს „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის დახვეწას ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად და ტერორიზმისკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აღსაკვეთად ეფექტური მექანიზმის შექმნას”.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ კანონპროექტი მედიის თავისუფლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

კანონპროექტის შესწორებული ვერსიის მიხედვით, მაუწყებლებს ეკრძალებათ პორნოგრაფიის, აგრეთვე, ადამიანისა და მოქალაქის ღირსების და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას.

საქართველოს კანონმდებლობაში უხამსობა განმარტებულია როგორც ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არ აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება.

მმართველი პარტიის მოსაზრებით, ამ ცვლილების მიღება, ემსახურება ევროკომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მე-7 პუნქტის შესრულებას, რომელიც თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველყოფას გულისხმობს. თუმცა ექსპერტების ნაწილი ამ მოსაზრებას არ იზიარებს.

კანონპროექტის ამჟამინდელი ვერსიის თანახმად, პროცესი თვითრეგულირების მექანიზმით არ შემოიფარგლება: დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კანონის დარღვევასთან დაკავშირებით თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით კომისიაში გაასაჩივროს.

განმარტებით ბარათში წერია, რომ მედიამომსახურების მიმწოდებლებს, რომლებიც დაარღვევენ მუხლის მოთხოვნებს და მიიღებენ გაფრთხილებას, ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის თანხა იზრდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend