მთავარისაქართველომოგზაურობა ახალი მწვერვალებისკენ - მესტიაში პროექტ GRETA-ს შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

მოგზაურობა ახალი მწვერვალებისკენ – მესტიაში პროექტ GRETA-ს შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

პროექტის მთავარი მიზანი ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდაა საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორებიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა

„მოგზაურობა ახალი მწვერვალებისკენ“ – ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელიც ფარგლებშიც დაბა მესტიამ უამრავ სტუმარს უმასპინძლა. სტუმრები იყვნენ როგორც საქართველოდან, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან. თითოეული მათგანი პროექტ Greta-ს მიმართ ინტერესმა ჩაიყვანა მესტიამდე, სადაც მათ ღონისძიების ფარგლებში 3 სხვადასხვა ლოკაციაზე უმასპინძლეს.

პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ბევრი ისაუბრეს ორგანული სოფლის მეურნეობისა და მდგრადი სამთო ტურიზმის სექტორებში განხორციელებული აქტივობებისა და მცირე თუ საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე. შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტის ბენეფიციარებიც, რომლებიც სტუმრებს თავიანთ ამბებს უყვებოდნენ.

პროექტის ფარგლებში სამთო ტურიზმის მიმართულებით 29, ხოლო ორგანული სოფლის მეურნეობის კუთხით 39 მცირე და საშუალო ბიზნესს დაუჭირეს მხარი. პროექტ Greta-ს ფარგლებში ასევე მოხდა ორგანული წარმოების მიმართულებით ევროკავშირის განახლებული რეგულაციების ადგილობრივ კანონმდებლობასთან დაახლოება. შეიქმნა სვანეთის ტურიზმის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რაც რეგიონს მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციაში დაეხმარება. და როგორც პროექტის ორგანიზატორები ამბობენ, ეს ყველაფერი იმისათვის, რომ მაღალმთიანი რეგიონები ახალგაზრდებისგან არ დაიცალოს.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ, მესტიაში ვარ. ევროკავშირის დელეგაციის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ პროექტი Greta ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მრავალი მიზეზის გამო. პროექტის შემუშავების დროს მხედველობაში გვქონდა საქართველოში სიღარიბის შემცირებაში წვლილის შეტანა. გვინდოდა უშუალოდ ის მიგვეწოდებინა მოსახლეობისთვის, რაც მათ სჭირდებოდათ.  გვსურდა, ბიზნესს შემოსავლის გაზრდაში დავხმარებოდით, რათა რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შექმნილიყო. ეს ყველაფერი ევროპული გუნდის სულისკვეთებით გახდა შესაძლებელი, ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებთან ერთად ავსტრიასა და შვედეთიდან”, – კატალინ გერმანი, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი საქართველოში.

„ჩვენ ვიმოგზაურეთ ახალი მწვერვალებისკენ და ვფიქრობ, მივაღწიეთ კიდეც მნიშვნელოვან ეტაპს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ მოტივაციის აღმოჩენა, რომელიც აქ, სვანეთსა და მაღალმთიან რეგიონებში აქვთ ადამიანებს. მსგავსი პროექტების განხორციელება საჭიროა, ისევე როგორც რეგიონებში მცხოვრები ხალხის მოსმენა იმისათვის, რომ რეგიონები არ დაცარიელდეს ახალგაზრდებისგან და ახალგაზრდებმა შეძლონ საკუთარი თავის პოვნა და განვითარება. პროექტის ფარგლებში ჩვენ მნიშვნელოვანი მიღწევების მომსწრენი გავხდით, გაიხსნა და განვითარდა ბიზნესები, ეს ადგილობრივების ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს“, – ერიკ ილესი, შვედეთის ელჩის მოადგილე საქართველოში.

შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში პროექტში ჩართულმა მხარეებმა რეგიონის განვითარების სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. განაცხადეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის მოსმენა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend