მთავარიევროპაუკრაინაშორი მოქმედების ბალისტიკური რაკეტები უკრაინას

შორი მოქმედების ბალისტიკური რაკეტები უკრაინას

უკრაინაში შორი მოქმედების ბალისტიკური რაკეტები გამოჩნდა. კრემლი უკრაინის არმიის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებზე ოფიციალურად არაფერს აცხადებს, თუმცა რუსი სამხედრო ბლოგერები ღიად საუბრობენ, რომ ბერდიანსკის აეროდრომი შორი მოქმედების სარაკეტო სისტემებით დაიბომბა. ქალაქი ბერდიანსკი სამხრეთ ფრონტის სიღრმეში აზოვის ზღვის ნაპირზე მდებარეობს და მის აღებას უკრაინის არმიისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, ბერდიანსკის აეროდრომს რუსული ავიაცია აქტიურად იყენებს უკრაინაზე იერიშების მისატანად. როგორც უკრაინის არმიის გენერალური შტაბი იუწყება, თავდაცვის ძალები სამხრეთ ფრონტზე სახმელეთო ოპერაციების დროსაც აღწევენ წარმატებას.

„17 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ იმ ადგილებს, სადაც მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა, ტექნიკა და შეიარაღებაა კონცენტრირებული, 15 დარტყმა მიაყენა. დაზიანდა რუსების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები. ჩვენმა სარაკეტო ძალებმა კი გაანადგურეს მოწინააღმდეგის მართვის ცენტრები და ცოცხალი ძალა, ტექნიკა და ტყვია-წამლის საწყობები. ერთ დღეში საბრძოლო მოქმედებების შედეგად 620 რუსი ოკუპანტი დაიღუპა. განადგურდა მათი ტანკები, 15 ჯავშანმანქანა, 8 საარტილერიო სისტემა, ერთი თვითმფრინავი, 6 ვერტმფრენი და ოპერატიულ-ტაქტიკური დონის 10 უპილოტო საფრენი აპარატი“, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერმა ანდრიი კოვალოვმა.

ატაკამსების უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გამოჩენა დაადასტურა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. როგორც საერთაშორისო მედია იუწყება, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს შეიარაღება კიევს რამდენიმე დღით ადრე საიდუმლოდ გადასცა. პირველი სამიზნე კი რუსეთის საოკუპაციო ძალებისთვის უმნიშვნელოვანესი აეროპორტები აღმოჩნდა, თუმცა როგორც რუსული მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, კიევი სარაკეტო იერიშებთან ერთად, ბელგოროდისა და კურსკის ოლქში, ასევე შავი ზღვის პერიმეტრზე 28 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეეცადა იერიშის მიტანას.

რა არის „ატაკამსი“? ესაა „ლოქჰიდ მარტინის“ წარმოების საარმიო ბალისტიკური მართვადი სარაკეტო სისტემა. „ლოქჰიდ მარტინი“ „ატაკამსებთან“ ერთად აწარმოებს ისეთ ცნობილ სისტემებსა და აპარატებს, როგორებიცაა, „ჯაველინი“, შვეულმფრენ „აპაჩის“ ცეცხლის მართვის სისტემა, შვეულმფრენი „შავი ქორი“ და მისი შეიარაღება, საბრძოლო თვითმფრინავები, F-16, F-21, F-22 და ასე შემდეგ. რაც შეეხება „ატაკამსებს“, იგი ამერიკის შეიარაღებაში 1991 წლიდანაა და ამერიკის არმია მას იყენებდა ავღანეთშიც და ერაყშიც. „ატაკამსის“ რაკეტები სხვადასხვა მოდიფიკაციის არსებობს, მაგალითად, ჯავშანტექნიკის საწინააღმდეგო და კასეტური ქობინებით. მოდიფიკაციების მიხედვით, მისი რაკეტების სროლის მანძილი 300 კილომეტრამდეა და გამშვებად იყენებენ ისეთ პლატფორმებს, როგორებიცაა, M 270 და „ჰაიმარსი“. ცნობილია, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები „ჰაიმარსებს“ უკვე დიდი ხანია იყენებს საბრძოლო მოქმედებების დროს. „ატაკამსებით“ კი ზუსტი საბრძოლო ოპერაციები მტრის სიღრმეში უფრო მეტადაა შესაძლებელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend