მთავარიმსოფლიოღაზაში საავადმყოფოსთან მომხდარ აფეთქებას მთელ მსოფლიოში მძაფრი რეაქცია მოჰყვა

ღაზაში საავადმყოფოსთან მომხდარ აფეთქებას მთელ მსოფლიოში მძაფრი რეაქცია მოჰყვა

ახლო აღმოსავლეთი, როგორც მთელი მსოფლიო, აღშფოთებულია ღაზაში ალ-აჰლის საავადმყოფოსთან მომხდარი აფეთქების გამო, რომელსაც სავარაუდოდ, ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. საავადმყოფოდან სასწრაფოდ გამოიყვანეს დაღუპულები და დაშავებულები. ბევრი მათგანი შიფას საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მხარეები ამ ტრაგედიას ერთმანეთს აბრალებენ. საჰაერო თავდასხმაში „ჰამასი“ ისრაელს ადანაშაულებს, ხოლო ისრაელის ინფორმაციით, საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე პალესტინის ისლამური ჯიჰადის მიერ არასწორად გაშვებული რაკეტა ჩამოვარდა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რეგიონში ურთულესი მისიით მიემგზავრება. თუმცა პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი იორდანიასა და ეგვიპტეს შეუთანხმდა, რომ ბაიდენთან ჩანიშნული ოთხმხრივი სამიტი გაუქმებულიყო.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საავადმყოფოს ტერიტორიაზე მიტანილი იერიში დაგმო და ის უკანონო ქმედებად შეაფასა.

„საავადმყოფოს მიმდებარედ იერიშის შესახებ ინფორმაცია მაშინ მივიღეთ, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები დისტანციურ შეხვედრაზე ვიყავით. ახლა კი ეს ინფორმაცია დასტურდება. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევაა“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.

პარალელურად საპროტესტო აქციები მთელი რეგიონის მასშტაბით იმართება. განსაკუთრებით პალესტინის მიერ მართულ დასავლეთ სანაპიროსა და სამხრეთ ლიბანში, რომელსაც “ჰეზბოლა” აკონტროლებს. ისლამისტურმა დაჯგუფებამ, რომელიც 2006 წელს ისრაელის წინააღმდეგ იბრძოდა, ოთხშაბათი უპრეცედენტო აგრესიის დღედ გამოაცხადა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend