მთავარისაქართველოპრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურამ სრულად გადაინაცვლა სამართლის ველიდან პოლიტიკურ ფლანგზე

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურამ სრულად გადაინაცვლა სამართლის ველიდან პოლიტიკურ ფლანგზე

ვინ შევა და არ შევა სხდომათა დარბაზში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრისას – ეს კითხვა ახლა მთავარი პოლიტიკური განხილვების საგანია პარლამენტში. პრეზიდენტის მიერ ოპოზიციონერი დეპუტატებისადმი მოწოდებას, რომ კენჭისყრისას არ შევიდნენ დარბაზში, პოლიტიკოსები დააბნია. სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ დამატებითი განმარტება გააკეთა, თუ რა და რატომ იგულისხმა პრეზიდენტმა ამ განცხადების გაკეთებისას.

„პრეზიდენტის ეს მოწოდება უშუალოდ ეკუთვნოდა იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში არიან და ეს არ გულისხმობდა გარეთ დადგომას. გულისხმობდა იმას, რომ დეპუტატები, რომლებიც ამ პროცესის მიერ განწყობილები არიან ისე, როგორც პრეზიდენტი და ფიქრობენ, რომ ეს არის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული პროცესი, დადგნენ გარეთ და არ შევიდნენ დარბაზში.

შიში ნამდვილად არ არის ამის [რომ ოპოზიცია მხარს დაუჭერს იმპიჩმენტს]. უბრალოდ, როდესაც „ქართულ ოცნებას” დასჭირდა 94 ხმა, ეს მოხერხდა ისე, რომ თავად დეპუტატები არკვევდნენ, რომელმა დააჭირა ღილაკს ხელი. ასეთი გაუგებრობა რომ ავიცილოთ თავიდან, ამიტომ იყო მოწოდება, რომ ის, ვინც მიიჩნევს, რომ ეს პროცესი მიმართულია საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ, დადგნენ გარეთ და ამით გამოხატონ პროტესტი”,- განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო ლიდერებმა თქვეს, რომ ეს საკითხი 20 ოქტომბრამდე გადაწყდება. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განცხადების გაკეთებისას, პრეზიდენტი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში დაადანაშაულა და მისი გუშინდელი განცხადებაც გააკრიტიკა. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კი სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციას კენჭისყრის დღეს სიტყვით გამოსვლის უფლება მისცა.

„ძალიან მარტივი კაზუსი ამოიხსნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. სხვანაირად კეთილსინდისიერი იურისტი უბრალოდ ვერ გააკეთებს. დეპუტატების მიმართ ამ ქალბატონმა პირდაპირ იუზრდელა. ის არის ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტად წოდებული თანამდებობის პირი და ის უზრდელობს. ის ბოლომდე მიჰყვება იმ დღის წესრიგს, რომელსაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მიჰყვება. ამ ყველაფრის გათვალისწინებთ შეიძლება ითქვას, რომ სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად რჩება საქართველოს პრეზიდენტად შემდეგი 1 წელი. რომც ჩავარდეს იმპიჩმენტი, ის დარჩება არა საქართველოს, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტად. დადასტურდა, რომ ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ იმედით არღვევდა კონსტიტუციას, რადიკალურ ოპოზიციასა და ზურაბიშვილს სრული კოორდინაცია აქვთ. საოცარი განცხადება გააკეთა გუშინ, რადიკალურ ოპოზიციას და კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ უთხრა, რომ უფრო ძლიერი სურათისთვის, მე მარტო დავრჩები და თქვენ გარეთ გადითო – ერთად დგამენ „კარწინკას“ სალომე ზურაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“. მოვუწოდებ მას, რომ თავს ნუ ისაწყლებს, მათ შორის მარტო ჯდომითა და ამ სცენარით. კარგად იცის, რომ მისი გადაყენების პერსპექტივა ნულის ტოლია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას საპარლამენტო ოპოზიციის გამოკვეთილი ნაწილი მხარს არ დაუჭერს. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, მიიღებენ თუ არა განხილვებში მონაწილეობას, ან დაჰყვებიან თუ არა პრეზიდენტის მოწოდებას, ბევრს ჯერ არ მიუღია.

„ქართულმა ოცნებამ“ და საკონსტიტუციო სასამართლომ თქვეს, პრეზიდენტი არის ქვევრი და რასაც ჩავძახებთ მთავრობა, იმას თუ ამოგვძახებს, საერთოდ არ გავუშვებთო – მაშინ პრეზიდენტი რაღა საჭიროა?! “სტრატეგია აღმაშენებელსა” და “ნაციონალურ მოძრაობას” ისედაც ეს პოზიცია გვქონდა, რომ კარგი იქნება, თუ საერთოდ არ მიიღებს ოპოზიცია კენჭისყრაში მონაწილეობას, რადგან ჩვენზე არ არის საუბარი, მაგრამ არსებობენ, ალბათ, დეპუტატები, რომლებზეც ზემოქმედების მექანიზმები აქვს ხელისუფლებას. ამიტომ რისკები რომ დაზღვეული იყოს, ვამბობდით, რომ კარგი იქნება ოპოზიციამ არ მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა. კენჭისყრაში რომ მონაწილეობას არ ვიღებთ, ეს არის ცალსახა, რაც შეეხება დებატებში მონაწილეობას, ამაზე პოზიცია მაქვს, მაგრამ მირჩევნია და უფრო კოლეგიალურია, რომ კონსულტაცია გავიარო კოლეგებთან“, – აცხადებს დეპუტატი პაატა მანჯგალაძე.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების სამართლებრივიდან პოლიტიკური წესით აღსრულებასთან დაკავშირებით ახლა პოლიტიკურ კულისებში მოლაპარაკებები მიმდინარეობს. პარლამენტის დეპუტატების ნაწილისგან განსხვავებით, ცნობილია სასამართლოს მიერ პირველად გასამართლებული მოქმედი პრეზიდენტის პოზიცია, რომ ის მარტო შევა სხდომათა დარბაზში და სიტყვის უფლებითაც ისარგებლებს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend