პოლონეთს ახალი მთავრობა ეყოლება. 15 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში საპარლამენტო უმრავლესობისთვის საჭირო ხმები ვერც ერთმა პარტიამ ვერ დააგროვა. თუმცა მემარცხენე ოპოზიციური პარტიები კოალიციის ჩამოყალიბებას გეგმავენ, შესაბამისად, მოქმედი ნაციონალური კონსერვატიული პარტია ხელისუფლებაში აღარ იქნება. ოპოზიციური პარტიის „მესამე გზის“ წევრები ამბობენ, რომ პოლონეთის პოლიტიკისთვის ახალი ეტაპი იწყება.
„ეს ჩვენი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან მთავრობა, რომელიც პოლონეთს რვა წლის განმავლობაში მართავდა, დემოკრატიული მთავრობით შეიცვლება. წინ ყველას ბევრი სამუშაო გველის. ეს ძალიან დიდი გამოწვევაა. თუმცა ჩვენ გვაქვს მოტივაცია. მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ. ჩვენ გვჯერა, რომ პოლონეთში ვითარება გაუმჯობესდება”, – განაცხადა პარტია „მესამე გზის“ საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელმა კატაჟინა პელჩინსკა-ნალეჩმა.
ეგზიტპოლების თანახმად, პროცენტულად ყველაზე მეტი ხმა აიღო მმართველმა პარტიამ „კანონი და სამართლიანობა“. შესაბამისად, მთავრობის ჩამოსაყალიბებლად სწორედ მას ექნება პრიორიტეტი. თუმცა ოპოზიციური პარტიები უკვე მიმართავენ პრეზიდენტს, რომ ეს ფორმალური ნაწილი გამოტოვონ და ოპოზიციურმა პარტიებმა პირდაპირ შეძლონ მთავრობის ფორმირება.
„მიუხედავად იმისა, ხელისუფლებაში ვიქნებით თუ ოპოზიციაში, ჩვენ ჩვენს პოლიტიკურ საქმეს სხვადასხვა გზით შევასრულებთ და არ დავუშვებთ, რომ ვინმემ პოლონეთს უღალატოს“, – ამბობს პარტია „კანონისა და სამართლიანობის“ ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი.
სამი ოპოზიციური პარტია, დონალდ ტუსკის „სამოქალაქო კოალიცია“, „მესამე გზა“ და „ახალი მემარცხენეები“ არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობდა, თუმცა მათ საერთო ინტერესი ჰქონდათ. მათი მიზანი იყო, დაემარცხებინათ პარტია „კანონი და სამართლიანობა“. დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ეს ახალი ეპოქის დასაწყისია, მისი მთავარი მიზანი კი ევროკავშირთან დაძაბული ურთიერთობების გამოსწორებაა.
„მე მრავალი წელია, პოლიტიკოსი ვარ. მეორე ადგილზე გასვლა არასდროს მიხაროდა. თუმცა ახლა პოლონეთმა გაიმარჯვა. გაიმარჯვა დემოკრატიამ. ჩვენ ხელისუფლება შევცვალეთ. ახლა ჩვენს პარტნიორებთან ერთად ახალ, უკეთეს დემოკრატიულ მთავრობას შევქმნით“, – განაცხადა პარტია „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერმა დონალდ ტუსკმა.
ეგზიტპოლების თანახმად, პოლონეთის მომავალ მთავრობას ოპოზიცია დააკომპლექტებს, თუმცა არჩევნების საბოლოო შედეგები სამშაბათს გამოცხადდება, როდესაც ყველა ხმას დაითვლიან.