მთავარიაზიაავღანეთი7 დამანგრეველი მიწისძვრა 8 დღეში - ავღანელები დახმარების მოლოდინში არიან

7 დამანგრეველი მიწისძვრა 8 დღეში – ავღანელები დახმარების მოლოდინში არიან

8 დღის განმავლობაში 7 დამანგრეველი მიწისძვრა ნამდვილი დარტყმა აღმოჩნდა ავღანეთის მოსახლეობისთვის. მიწისძვრების საერთო საშუალო მაგნიტუდამ 6,3 ბალს მიაღწია. დაინგრა და დაზარალდა ათობით დასახლებული პუნქტი. მიწასთან გასწორდა რამდენიმე სოფელი. ოფიციალური მონაცემებით, სტიქიურ უბედურებას 1400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 2000-მდე კი დაშავდა. მსხვერპლთა უმრავლესობას ქალები და ბავშვები წარმოადგენენ. მიწისძვრამ დაარტყა ისეთ მოწყვლად თემებს, რომელთაც არსებობა ისედაც უჭირდათ. ზიბა ერთ-ერთია უსახლკაროდ დარჩენილთა შორის. მისი ერთი შვილი კი ნანგრევებში მოჰყვა და დაიღუპა. ამბობს, რომ არ იცის სად იცხოვრებს, რადგან მიწისძვრამ სახლიც გაუნადგურა და ყველაფერი რაც ებადა.

„როდესაც მიწისძვრა დაიწყო, გარეთ ვიყავი. თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა. როდესაც სახლში მივედი, საშინელება დამხვდა. სახლი დანგრეული იყო. ჩემი ერთი ქალიშვილი კი კედლის ქვეშ იყო მოყოლილი, ვერ გადავარჩინეთ. მეორემ საბედნიეროდ მხოლოდ ხელი მოიტეხა. ახლა ქუჩაში ვართ, უსახლკაროდ დარჩენილები. არ ვიცი სად და როგორ ვიცხოვრებთ“, – ამბობს ზიბა.

ჰერატის, ზინდაჯანისა და ინჯილის რაიონებში დაახლოებით 25 000 შენობა განადგურდა. გადარჩენილებს ახლა კარვებში სძინავთ. გაეროს სასურსათო პროგრამის წარმომადგენლები დაზარალებულ ავღანელებთან მუშაობას პირველი მიწისძვრიდან მალევე შეუდგნენ. ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჰუმანიტარული პრობლემები დიდია, ამიტომ მათ საკვები რესურსებით დახმარება სჭირდებათ.

„ამ დღეების განმავლობაში ძლიერი მიწისძვრები იყო. განადგურებულია დასახლებები. ვისი გადარჩენაც მოხერხდა, ახლა ჩვენს კარვებში ცხოვრობენ. თუმცა რესურსები მწირია. მათთვის საკმარისი საკვები და წყალი არ გვაქვს, არც მედიკამენტები. მეტი რესურსი გვჭირდება, რომ სრულფასოვანი დახმარება შევძლოთ. საკვების საჭირო მარაგების დაფინანსების პროგრამა უნდა გაიზარდოს. სხვაგვარად ჰუმანიტარული კრიზისის არიდებას ვერ შევძლებთ“, – აცხადებს WFP-ის  ავღანეთის წარმომადგენელი ფილიპ კროფტი.

ავღანეთში მალე მკაცრი ზამთარი დადგება. უსახლკაროდ და საკვების გარეშე დარჩენილი ავღანელებისთვის, ჯერჯერობით არც თალიბანის მთავრობას და არც მსოფლიო ორგანიზაციებს რაიმე დამაიმედებელი შეთავაზება არ მიუციათ. ახლა მსოფლიო კვების ორგანიზაციას 400 მილიონი დოლარი ესაჭიროება იმისთვის, რომ ზამთრისთვის ამ ხალხის საკვებით უზრუნველყოფა მოახერხოს. უუფლებო ქალები და ბავშვები, ათწლეულების სამხედრო კონფლიქტი, დანგრეული ეკონომიკა და საცხოვრებლები და კლიმატის გაუარესება, ავღანელებისთვის ჯერ გადაულახავ პრობლემებს წარმოადგენს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend