ქალების 25% ერთხელ მაინც ყოფილა ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი ინტიმური პარტნიორის/ქმრის მხრიდან – ასეთია კვლევის შედეგები, რომლებიც “საფარმა” კახეთსა და აჭარაში ჩაატარა. კვლევის მიხედვით, ეკონომიკურ ძალადობას უმეტეს შემთხვევებში აქვს სისტემატური ხასიათი, ყოველი მეხუთე ქალი ვერ ხვდება ეკონომიკური ძალადობის სხვადასხვა ფორმას, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები კი უფრო მეტად განიცდიან ეკონომიკურ ძალადობას.
მკვლევრები განმარტავენ, რომ ეკონომიკური ძალადობა ეს არის ქცევა, რომლითაც მოძალადე ზღუდავს, აკონტროლებს და იყენებს ქალის ეკონომიკურ რესურსებსა და პოტენციალს. “საფარში” ფიქრობენ, რომ ეკონომიკური ძალადობა ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე შეფარული და ნაკლებად იდენტიფიცირებადი ფორმაა. ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლები კი, ხშირ შემთხვევაში, ვერც აცნობიერებენ, რომ ისინი ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლნი არიან.
“საფარის” მიერ ჩატარებული კვლევის მთავარი მიზანი რეგიონებში მცხოვრები ქალების მიმართ მათი პარტნიორის/ქმრის მხრიდან განხორციელებული ეკონომიკური ძალადობისა და ამ ძალადობასთან მიმართებით ქალების გამოცდილებისა და მდგომარეობის შესწავლა იყო.
ანა ალელიშვილი