ხუთშაბათს ღამით ქალაქ იერუსალიმში დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდა. იერუსალიმის მახლობლად, პოლიციის განყოფილების წინ, მომხდარი ორმხრივი სროლის დროს ორი პალესტინელი მამაკაცი დაიღუპა. დაშავდა ექვსი პოლიციელი, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ამ კვირაში ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც იერუსალიმში დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა. სამშაბათს ადგილობრივ პოლიციასთან შეტაკების დროსაც დაიღუპა ორი პალესტინელი მამაკაცი. ისინი პოლიციელებს ქვებსა და ფეიერვერკებს ესროდნენ.
იერუსალიმში დაძაბულობა მუდამ იგრძნობა. ქუჩებში უჩვეულო სიმშვიდეა. იშვიათად თუ ნახავთ მანქანებს. ხალხი სახლში დარჩენას ამჯობინებს. მოქალაქეებს ეშინიათ, მათ არ იციან, რა შეიძლება მოხდეს შაბათ-კვირას. პარასკევი მუსლიმანებისთვის წმინდა დღეა, შაბათს კი ებრაელებისთვის ისრაელსა და პალესტინას შორის შეტაკებების დაწყების შემდეგ პირველი რელიგიური დღესასწაული იქნება. არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები, ამიტომ იერუსალიმში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა გამკაცრებული.