მთავარიმსოფლიოქიმიური იარაღის საფრთხე

ქიმიური იარაღის საფრთხე

ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედების განახლების ფონზე სხვა რისკებთან ერთად ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხეც იზრდება. ამ მომენტისთვის ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციას მსოფლიოს 193 ქვეყანა აწერს ხელს. ხელმომწერმა ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება, რომ ქიმიური იარაღის მარაგს 2023 წლის 30 სექტემბრამდე გაანადგურებდნენ. მისი მომაკვდინებელი შედეგის გამო თანამედროვე მსოფლიოში აკრძალულია ქიმიური იარაღის საბრძოლო მოქმედებებში გამოყენება.

მიუხედავად აკრძალვისა, ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების დროს არაერთხელ გამოიყენეს ქიმიური იარაღი. 2020 წლის მარტსა და 2021 წლის ივნისში ისრაელმა სირიის ქიმიური იარაღის საწყობები დაბომბა. მოსადის ინფორმაციით, სირიელი დიქტატორი ბაშარ ასადი არალეგალური ქიმიური არსენალის აღდგენას გეგმავდა. ამის შესახებ ინფორმაცია Washington Post-მა გაავრცელა.

როგორც „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია“ აცხადებს, მთელ მსოფლიოში ოფიციალურად აღრიცხული ქიმიური იარაღის მარაგი განადგურებულია. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციამ 2023 წლის 7 ივლისს გაავრცელა. განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც აშშ-ში დაადასტურეს, რომ კენტუკის შტატში მდებარე ქარხანაში ქიმიური საბრძოლო მასალის უკანასკნელი მარაგიც განადგურდა. „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის“ ინფორმაციით, ქიმიური იარაღი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქიმიური ნაერთი, რომელსაც ადამიანის დასახიჩრება, სენსორული ფუნქციების მოშლა, პარალიზება ან მოკვლა შეუძლია. ქიმიური იარაღის რამდენიმე ძირითადი სახეობა არსებობს. ესენია: ნერვული, მწველი, პულმონალური და სისხლის აგენტები. ქიმიური იარაღის გაშვების უამრავი გზა არსებობს. მათი გამოყენება შესაძლებელია ბალისტიკური რაკეტებით, საავიაციო ბომბებით, საარტილერიო ჭურვებითა და სახმელეთო ნაღმებითაც კი.

ქიმიური იარაღი აქვს რუსეთსაც. 2022 წლის მარტში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ბრიუსელში NATO-ს სათავო ოფისში მყოფმა ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ, თუკი რუსეთი ქიმიურ იარაღს გამოიყენებდა, მას შესაბამისი პასუხი გაეცემოდა. ექსპერტების შეფასებით, ქიმიური ნივთიერებების საბრძოლო მოქმედებებში გამოყენებას ყოველთვის მკაცრი რეაგირება მოჰყვება მსოფლიოს მხრიდან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend