მთავარიმსოფლიოცხედრები, ნანგრევები და უსასრულო რიგები - ევრონიუსის რეპორტაჟი ღაზიდან

ცხედრები, ნანგრევები და უსასრულო რიგები – ევრონიუსის რეპორტაჟი ღაზიდან

უკვე მეექვსე დღეა ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომია და მეექვსე დღეა სრულ ბლოკადაში ცხოვრობს ღაზის სექტორის ორ მილიონზე მეტი მოსახლე.

შეუჩერებელმა დაბომბვამ და სრულმა ბლოკადამ იქ ცხოვრება კიდევ უფრო სასტიკი გახადა. ახლა ქალაქ ღაზაში არც წყალია, არც ელექტროენერგია და არც საწვავი.

შაბათის შემდეგ ღაზელების ცხოვრება  ნანგრევებსა და უსასრულო რიგებში გრძელდება.

ქალაქში ზოგიერთი ბიზნესი ჯერ  კიდევ მუშაობს, თუმცა ძალიან უჭირთ. საწვავის რეზერვები თითქმის დაცარიელდა და მთავარი რესურსი საავადმყოფოებისა და სამედიცინო დაწესებულებებისკენ მიემართება.

ღაზაში დღეს პურის შოვნაც კი რთულია.

ევრონიუსთან საუბარში ღარის მაცხოვრებელი აბუ საედი ამბობს, რომ მთელი დღე ცდილობდა ერთი პური მაინც ეყიდა.

„ბავშვები გავგზავნეთ, რომ ნახონ, იქნებ სადმე დარჩა საკვები. ვერსად ვერაფერს ვშოულობთ”,-ამბობს საედი.

დაბომბვის შედეგად მხოლოდ „ჰამასთან” დაკავშირებული ინფრასტრუქტურა არ ნადგურდება. დანგრეულია ბევრი სახლი და მაღაზია. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაიღალნენ, რადგან მშვიდად ცხოვრება არ ეღირსათ.

„ჩვენ ხომ მშვიდობიანი მოქალაქეები ვართ. რა დავუშავეთ მითხარით? რამდენჯერაც რამეს ავაშენებთ, იმდენჯერ გვინგრევენ. რა დავაშავეთ? ჩვენც გვინდა ადამიანურად ვიცხოვროთ. ყოველ წელს ომში ვართ”,- ეუბნება ღაზაში კიდევ ერთი მცხოვრები ჰასან ზინანე ევრონიუსს.

ღაზის ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი 1200-ს აჭარბებს, 6 000-მდე კი დაჭრილია.

გაერო კი აფრთხილებს ისრაელს, რომ სრული ბლოკადა და მოსახლეობის კოლექტიური დასჯა საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალულია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend