ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისრაელისთვის იარაღის მიწოდება დაიწყო. ამერიკა სამხედრო გემებს იმ რეგიონში გააგზავნის, სადაც ირანის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო დაჯგუფებები არიან, როგორიცაა “ჰეზბოლა”. აშშ-ის მიზანი ისრაელზე მიმდინარე თავდასხმების შეჩერებაა.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოკავშირე ქვეყნებთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, იტალიასა და გერმანიასთან ერთად ერთობლივი განცხადება გაავრცელა. მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს ისრაელისადმი მხარდაჭერა, მათ დაგმეს “ჰამასის” ტერორისტული აქტები. ისინი ასევე ამბობენ, რომ “ჰამასის” ქმედებები პალესტინელ ხალხს არ წარმოადგენს.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა მხარეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაუშვან ჰუმანიტარული დახმარება ღაზის სექტორში. ის ასევე შეშფოთდა იმასთან დაკავშირებით, რომ ისრაელი მთელს რეგიონზე გეგმავს შეტევას.
„დროა, გავარღვიოთ სისხლისღვრის, სიძულვილისა და პოლარიზაციის ეს მანკიერი წრე. ისრაელმა უნდა დაინახოს, რომ მისი ლეგიტიმური მოთხოვნები რეალიზებულია. პალესტინელებმა კი უნდა გაიაზრონ საკუთარი სახელმწიფოს შექმნის მკაფიო პერსპექტივა“, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა.
არაბული ქვეყნების ლიგის გენერალურმა მდივანმა აჰმედ აბულ-გეიტმა მოსკოვში ვიზიტისას განაცხადა, რომ ძალადობის ამჟამინდელი ესკალაცია სინამდვილეში დიდი ხნის წინ ისრაელის მიერ პალესტინის ოკუპაციით დაიწყო.
ბულგარეთში მიმდინარე სამიტზე საბერძნეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთობლივად დაგმეს “ჰამასის” თავდასხმები ისრაელზე. ისინი შეშფოთებას გამოხატავენ გატაცებისა და მკვლელობების შემთხვევების გამო.