ჯუზეპე ვერდის ლეგენდარული „აიდა” ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში შესრულდა. ცხადია, ამ ცენტრის სცენა საოპერო დადგმას ვერ დაიტევდა… მაგრამ ამჯერად, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისის“ ერთ საღამოს, „აიდა“ სრულიად განსხვავებულად, საოპერო წარმოდგენის სახით შესრულდა. ამ მუსიკალური ზეიმის სულისჩამდგმელები კი იყვნენ მთავარი დირიჟორი, მაესტრო ვახტანგ კახიძე და წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი – დავით საყვარელიძე.
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში, 7 ოქტომბერს, ჯუზეპე ვერდის ლეგენდარული ოპერა „აიდა“ შესრულდა, მაგრამ ცხადია, ჯანსუღ კახიძის ცენტრის სცენაზე საოპერო წარმოდგენა ვერ დაიდგმებოდა… ერთადერთი გზა, საოპერო კონცერტის ფორმატი იყო, მაგრამ ამჯერად, ეს სულ სხვაგვარი, სრულიად განსხვავებული კონცერტი უფრო სწორად კი, საოპერო წარმოდგენა იყო.
ეს საღამო საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისი“ ნაწილი იყო. ვერდის „აიდა“ ოპერის მომღერლებმა თბილისის სიმფონიურ ორკესტრსა და საგუნდო კაპელასთან ერთად ორ განყოფილებად წარმოადგინეს. სცენაზე მაყურებელმა იხილა როგორც სპექტაკლი, ასევე მუსიკალური შესრულება. მთავარი დირიჟორი ვახტანგ კახიძე გახლდათ, ხოლო ამ სრულიად განსხვავებული წარმოდგენის რეჟისორი – დავით საყვარელიძე.
“ვახტანგმა გამანდო თავისი იდეა საკონცერტო ფორმატის და მთხოვა, რომ მხოლოდ მშრალი, ორატორიული ფორმა არ მიეღო ოპერას. ვერდი არის ძალიან ცოცხალი და ძალიან სცენისთვის შექმნილი ოპერა, ის თავის ნაწარმოებში ითვალისწინებს სიცოცხლეს, სცენურ მოქმედებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სიუჟეტისთვის. მინიმალური საშუალებებით რაც გვქონდა გვინდოდა, რომ ეს დარბაზი გადაქცეულიყო თეატრალურ სცენად, სადაც შეიძლებოდა მინიმალურად გაგვეცოცხლებინა აიდას სიუჟეტი. გამოყენებული გვაქვს ავანსცენა, გამოყენებული გვაქვს, გუნდის ადგილი, ეკრანი და დარბაზი. პერსონაჟების გაცოცხლება ეხმარება ასევე ჩვენს არტისტებსაც, რომლებიც არამხოლოდ სტატიურად ასრულებენ თავის პარტიას, არამედ მოქმედებენ კიდევაც სცენაზე. ამიტომ დავარქვით ამ ფორმას ნახევრად დადგმა” , – აღნიშნავს რეჟისორი დავით საყვარელიძე.
აიდას როლს ქართველი სოპრანო და საერთაშორისო ვარსკვლავი იანო ალიბეგაშვილი ასრულებდა. მან თქვა, რომ სპექტაკლში მონაწილეობა უფრო იოლია მომღერლებისთვის, ხოლო საკონცერტო შესრულების ფორმატით ოპერის შესრულებას უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება.
“საკონცერტო შესრულებით უფრო რთულია, რადგან კონცენტრირება გიწევს ტექნიკაზე და უფრო დაძაბული ხარ. რაც შეეხება ჩემს პარტიას. ძალიან რთულია. ყველა პარტია აქ ძალიან რთული არის. ძალიან გრძელი ოპერაა. მასშტაბური. დიდხანს გვიწევს სცენაზე ყოფნა. რასაკვირველია, „აიდაში” თავად აიდას პარტიის განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობაა და ამას დიდი სიფრთხილით ვეკიდები”, – ამბობს იანო ალიბეგაშვილი.
რადამესის როლი ტენორ გიორგი ონიანს ერგო. “ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი როლია ჩემს რეპერტუარში. 154-ედ ვიმღერებ ამ როლს. განსაკუთრებული იმით არის, რომ საქართველოში ვმღერი, რაც ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩემთვის. უფრო საინტერესოა, რა თქმა უნდა, საკონცერტო ფორმატი, რადგან სტატიკურად დგომა ცოტა აკლებს პეწს, რაც სჭირდება ოპერას. დადგმის შემთხვევაში სცენას სიცოცხლე შეემატება“.
პრემიერა 7 ოქტომბერს შედგა. დარბაზში ქართველი მაყურებლების გარდა შეიკრიბნენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული კლასიკური მუსიკის მოყვარულები. იმისათვის, რომ სიუჟეტი დამაბნეველი არ ყოფილიყო, პერიოდულად ეკრანზე ჩნდებოდა თარგმანი იმისა, თუ რაზე მღეროდნენ პერსონაჟები.
„ყოველი ფესტივალი არის განსხვავებული, ყოველი წელი. პროგრამა ყოველთვის სერიოზულია და დიდი მადლობა ვატოს, რომ საოცარ რაღაცებს გვასმენინებს“.
“დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, რადგან ძალიან მომეწონა ის ვერსია, რომელიც ვნახეთ. ნაწილობრივ ეს განსაკუთრებული იყო, რადგან უფრო მეტად კონცენტრირებული იყო საოპერო შესრულებაზე და ძალიან მომეწონა კონტაქტი დარბაზსა და არტისტებს შორის. მსგავსი რამ მანამდე არასდროს მინახავს“, – აღნიშნავს მსმენელი.
„ამ ფესტივალში მონაწილეობა არის ალბათ ყველაზე დიდი ბედნიერება, რაც ჩემს შემოქმედებით ცხოვრებას შეეხება საქართველოში, რადგან მაესტრო ვატო კახიძე ჯერ კიდევ პირველი კურსის სტუდენტს მენდო, დამაყენა სცენაზე და მამღერა. იმის მერე უკვე 20 წელზე მეტია, მე მაესტროსთან ვთანამშრომლობ, ყოველ ჯერზე ისეთივე ემოცია მაქვს როგორც პირველად“, – ამბობს მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე.
„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ პერფორმანსმა შესანიშნავად ჩაიარა. მართლაც, რომ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. ერთი კვირა იყო წარმოუდგენელი შრომა. რაც შეეხება ჩემს როლს. ქურუმი, რამფისი, ყოველთვის იყო ჩემი საოცნებო როლი. არაჩვეულებრივი როლია, ძალიან დიდებული და მგონია რომ მომიხდა კიდეც“, – აცხადებს რამფისის როლის შემსრულებელი რამაზ ჩიკვილაძე.
კმაყოფილი იყო კონცერტით მთავარი დირიჟორი ვახტანგ კახიძეც. „ჩემი შეგრძნებებით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. იყო ის, რაც არის მთავარი – ერთობა გუნდის, ორკესტრის, სოლისტების , დირიჟორის და რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივი მსმენელის, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა ეს ოპერა. საამაყოა, რომ ასეთი ხალხი გვყავს. ჩუმად უსმენდნენ ოპერას და ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა“.
შემოდგომის სეზონი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ისევე როგორც ფესტივალი. 12 ოქტომბერსა და 21 ოქტომბერს კვლავ კონცერტები გაიმართება. ფინალურ დღეს თბილისის სიმფონიური ორკესტრი მთავარი დირიჟორის ვახტანგ კახიძის მიერ შექმნილ „რეკვიემს“ ააჟღერებს, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელასა და ქართველ სოლისტებთან ერთად.
ანეტ მიქელაძე