საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოდან ბრიუსელში ჯერ კიდევ სხვაგვარი და არასასურველი სიგნალები მიდის.
ჰერჩინსკიმ ზოგადად ისაუბრა ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ამ პროცესებს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის შემაფერხებელი ფაქტორები უწოდა.
ელჩის თქმით, ევროკავშირიდან ჩანს სიგნალები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ პროგრესი გაგრძელდება, საქართველოს წარმატებას დეკემბერში ერთად ვიზეიმებთ.
„ერთ წელზე, მეტია აქ ვიმყოფები. ძალიან ყურადღებით ვუსმენ, რას ამბობენ სხვადასხვა პოლიტიკოსები. ზოგიერთი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ საქართველომ, პრაქტიკულად, ყველაფერი შეასრულა, ზოგიერთი ახადებს, რომ საქართველოს, პრაქტიკულად არცერთი რეკომენდაცია არ შეუსრულებია. თუკი ჩემი აზრი გაინტერესებთ, ვფიქრობ, რომ სურათი არის შერეული. ერთი მხრივ, ბევრი რამ გაკეთდა, განსაკუთრებით ბოლო კვირების განმავლობაში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ დაჩქარებას, მეორე მხრივ, ჯერ კიდევ სხვადასხვაგვარი სიგნალები მოდის საქართველოდან. მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს ნომერ პირველი პრიორიტეტის შესრულებას, კითხვები ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შესახებ, რაც ხელს არ უწყობს ნომერ მეორე პრიორიტეტის შესრულებას. ასევე ჯერ კიდევ ხორციელდება ზეწოლა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. ასე რომ, გადაწყვეტილება 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერებმა უნდა მიიღონ. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ დეკემბერში ვიზეიმებთ და გზავნილები, რომელიც გუშინ პრემიერ-მინისტრმა მიიღო ესპანეთში ევროპელი ლიდერებისგან გულწრფელია და ჩვენ ყველა ვიზეიმებთ დეკემბერში“, – განაცხადა ელჩმა.
ალეკო გვეტაძე