მთავარიმსოფლიოევროპაევროპელმა ლიდერებმა ევროკავშირის მოსალოდნელი გაფართოების სტრატეგიაზე იმსჯელეს

ევროპელმა ლიდერებმა ევროკავშირის მოსალოდნელი გაფართოების სტრატეგიაზე იმსჯელეს

ესპანეთში, ქალაქ გრანადაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მესამე სამიტი იმართება. 47 ევროპული სახელმწიფოს ლიდერი და ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელები ერთმანეთს ბლოკისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად შეხვდნენ. 6 ოქტომბრის სესიის ერთ-ერთი მთავარი თემა გაფართოებაა. ევროპელმა ლიდერებმა ბლოკის მოსალოდნელი გაფართოებისთვის მოსამზადებელ სტრატეგიებზე იმსჯელეს.

ჟოზეპ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში: ,,რაც შეეხება გაფართოებას, თითოეულ კანდიდატს თავისებურად უნდა მივუდგეთ. ამჟამად 10 კანდიდატია და ყველას მიმართ კონკრეტულად მათ საჭიროებებზე მორგებული მიდგომაა საჭირო. ეს კი ბევრად უფრო სწრაფად უნდა გავაკეთოთ, ვიდრე წინა წლებში. უკრაინისათვის კანდიდატის სტატუსის მიცემამ პროცესი დააჩქარა იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებიც უფრო დიდი ხანია მოლოდინის რეჟიმში არიან. შესაბამისად, რიგი დაჩქარდება. თუმცა, აუცილებელია ყველასთან თავისებური მიდგომა – ეს ძალიან მნიშვნელოვანია“.

რობერტა მეცოლა, ევროპარლამენტის პრეზიდენტი: ”გუშინ შევხვდით ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, ჩვენს მეზობლებს და ვისაუბრეთ ევროკავშირის გაფართოების იდეაზე. ამ იდეასთან ერთად დგება რეფორმების გატარების აუცილებლობაც. ევროკავშირმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას შეკითხვა: რისი გაკეთებაა საჭირო? რაც მუშაობს 27 წევრი ქვეყნისთვის, არ იმუშავებს 32, 33 ან 35 ქვეყნისთვის. ვფიქრობ, გუშინდელი საუბრის შემდეგ ჩვენ სწორ მიმართულებას მივაგენით“.

შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ,,გულწრფელად რომ გითხრათ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ლიდერებთან გაფართოებაზე საუბარიც კი პრობლემური იყო. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი ამ საკითხისთვის თავის არიდება შეუძლებელი გახდა. თუმცა ეს არ არის ადვილი. ევროპაში ყველას განსხვავებული მოსაზრება აქვს. ეს ევროპული დემოკრატიის ნაწილია და ჩვენ ყველას აზრს პატივს ვცემთ. მხოლოდ იმიტომ, რომ ეს რთული საკითხია, არ ნიშნავს, რომ მასზე საუბარს თავი უნდა ავარიდოთ, პირიქით. მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება, პოლიტიკური სიძლიერის ნიშანია. ევროკავშირში გაწევრებას დამსახურება სჭირდება, ეს ფაქტი არ შეიცვლება. ეს კი ორივე მხარეს სტიმულს მისცემს, რომ შეასრულონ მათზე დაკისრებული ვალდებულებები“.

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. იგი პლენარული სესიის გახსნის ღონისძიებასა და სამიტში მონაწილე ლიდერების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ სადილს დაესწრო. იგი ასევე შეხვდა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს.

გარდა ამისა, სამიტის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ შეძლებენ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს შორის, მთიანი ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციის შემდეგ, პირველი შეხვედრის ორგანიზებას.

ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის ფორუმი რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩამოყალიბდა. ეს არის 40-ზე მეტი ქვეყნის მთავრობათაშორისი ფორუმი ევროპის მომავალზე პოლიტიკური და სტრატეგიული დისკუსიისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend