მთავარიევროპაუკრაინა"უკრაინაში ამინდის გაუარესება შეტევის ტემპს შეანელებს" - ომის შესწავლის ინსტიტუტი

“უკრაინაში ამინდის გაუარესება შეტევის ტემპს შეანელებს” – ომის შესწავლის ინსტიტუტი

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს. ამ ინფორმაციას ადასტურებენ რუსული ძალებიც, თუმცა ამტკიცებენ, რომ კრემლის საჰაერო იერიშების შემდეგ უკრაინული სადაზვერვო ჯგუფი განადგურდა.

“ომის შესწავლის ინსტიტუტის” მონაცემებით, სწორედ გახშირებული უკრაინული იერიშების გამო კრემლმა ახლახან ოკუპირებული სევასტოპოლიდან შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე ხომალდი ნოვოროსიისკის პორტში გადაიყვანა.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით კი, მტრის ზურგში და ფრონტის ხაზზე უკრაინული იერიშები წარმატებით მიმდინარეობს.

“ომის შესწავლის ინსტიტუტი” ასევე იუწყება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები დაწინაურდნენ სამხრეთის ფრონტზე, კერძოდ კი, რობოტინეს ფლანგზე, დასახლება ნოვოპროკოპივკის აღმოსავლეთით. ეს დასახლება 5 კილომეტრითაა დაშორებული რობოტინესგან. იგივე ინსტიტუტი რუსული წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინელებმა შეტევა განაახლეს დასახლება ვერბოვესთან. ეს სწორედ ის მიმართულებაა, სადაც უკრაინულმა არმიამ რუსული თავდაცვის პირველი, ე.წ. სუროვიკინის ხაზი გადაკვეთა. თუმცა “ომის შესწავლის ინსტიტუტში” ვარაუდობენ, რომ შემოდგომით ამინდის გაუარესების გამო შესაძლოა შეტევის ტემპი შენელდეს. სწორედ ამ დეტალზე გაამახვილა ყურადღება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ.

„მძიმე ბრძოლა ორ მთავარ მიმართულებაზე მიმდინარეობს: ერთია დონბასის მიმართულება და მეორე – ქვემოთ, სამხრეთით – ზაპორიჟიისკენ. უკრაინელები ყოველდღე იბრძვიან. ადრეც აღვნიშნე, რომ დრო არ არის ჩვენი მეგობარი. ექვსი-რვა კვირა ჯერ კიდევ ნორმალური ამინდი იქნება, მერე შეიძლება, ბრძოლის თვალსაზრისით, ყველაფერი გართულდეს ორივე მხარეს. მინდა, დარწმუნებული ვიყო, რომ ამით ვისარგებლებთ. დაფინანსების ნებისმიერი შეფერხება უკრაინისთვის არასახარბიელო იქნება“, – აცხადებს ჯონ კირბი.

დამატებითი შეიარაღების საჭიროებაზე საუბრობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. მისი თქმით, კიევი ელოდება პარტნიორი ქვეყნების გარკვეულ გადაწყვეტილებას, რომლის მიღებაც ზამთრის დადგომამდეა აუცილებელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend