კლიმატის ცვლილება ზიანს კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსაც აყენებს. ევროპაში მრავალი ისტორიული ბაღი და სასახლეა, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლეს, მაგრამ მიმდინარე ექსტრემალური ამინდი ისეთ მავნე გავლენას ახდენს მათზე, რომ ჩნდება კითხვა – რამდენად გაუძლებენ ისინი კლიმატის ცვლილების დაჩქარებულ ტემპს?
სანსუსის სასახლე გერმანიის ქალაქ პოსტდამში მდებარეობს. იგი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია და სულ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის კლიმატის ცვლილება. გვალვა, სითბური ტალღები და ძლიერი წვიმები თავის დაღს ასვამს ამ ისტორიულ ლანდშაფტს, რომელიც სამასი წლისაა. საინტერესოა, გაძლებს თუ არა იგი კიდევ სამასი წელი?
თუმცა ჯერ გადავხედოთ კლიმატის ცვლილების მონიტორინგის თანამგზავრული სისტემის „კოპერნიკუსის“ [Copernicus Climate Change Service] ბოლო მონაცემებს.
ყველაზე ცხელი აგვისტო
გლობალურ დონეზე აგვისტოს თვე ყველაზე ცხელი გამოდგა. მთელი თვის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 0.7 გრადუს ცელსიუსით აღემატებოდა 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელს.
ყველაზე ცხელი იყო ზოგადად მთელი ზაფხული ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით. აგვისტოში სითბურმა ტალღებმა გადაუარეს პორტუგალიას, იტალიას, საფრანგეთს, ჩრდილოეთ აფრიკასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთელ ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილს.
სითბურმა ტალღებმა ოკეანესაც დაარტყა. გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული გლობალურ დონეზე ზღვის ზედაპირის დღიური ტემპერატურა ყოველ წელს იზრდება, თუმცა თუ 2023 წელს ნახევარი გრადუსით უფრო ცხელოდა, ვიდრე გასულ წლებში – ეს კიდევ ერთი ახალი რეკორდია.
რაც შეეხება ანტარქტიდას, სადაც ზამთარია, იქ ზღვის ყინულის კონცენტრაცია საშუალოზე დაბალია დიდ ფართობებზე. იქაც აგვისტოში რეკორდულად დაბალი იყო ზღვის ყინულის საფარის გავრცელების არეალი – ამ ფართობის 15 პროცენტს ძირითადად გაყინული ოკეანის ნაწილი შეადგენს. ანტარქტიდის ზღვის ყინულის საფარი უპრეცედენტოდ დაბალ დონეზეა წლევანდელი მაისის შემდეგ.
პოსტდამში სანსუსის სასახლესა და ბაღებს კლიმატის ცვლილება საფრთხეს უქმნის
ახლა კი ჩვენს რეპორტაჟს მივუბრუნდეთ.
ევროპაში მრავალი ასეთი ისტორიული ბაღი და სასახლეა, რომლებიც ისე აშენდა და გაშენდა, რომ საუკუნეებს გაუძლოს – მაგრამ რამდენად გაუძლებენ ისინი კლიმატის ცვლილების დაჩქარებულ ტემპს?
მე-18 საუკუნეში ეს ფრიდრიხ მეორე დიდის საზაფხულო ადგილსამყოფელი იყო – პრუსიის მეფემ მას სანსუსი – უზრუნველი ადგილი უწოდა.
მაგრამ დღეს აქ, სადაც წელიწადში მილიონი ტურისტი მოდის, საზრუნავი საკმაოდ ბევრია. ხოლო კლიმატის ცვლილების გამო თავსატეხი კიდევ უფრო გართულდა, ამბობს ამ ბაღის დირექტორი მიხაელ როდე.
მიხაელ როდე, „პრუსიის სასახლეებისა და ბაღების ფონდის“ წარმომადგენელი, ბაღის დირექტორი:
„დაახლოებით ათი წელია, უკვე ვგრძნობთ აქ კლიმატის ცვლილების გავლენას, მაგრამ ბოლო ექვსი წელი ყველაზე მძიმე გამოდგა. წვიმა ნაკლებად მოდის, სიცხე გვაზიანებს, ნიადაგი გამოშრა შიდა წყლისგან, აღარ ტენიანდება. და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შედეგად ხეები გვექცევა“.
მიწისქვეშა წყლის დონის კლების გამო ხეები უფრო მგრძნობიარე გახდა სოკოსა და მწერების მიმართ. თუკი ოცი წლის წინ წელიწადში რამდენიმე ათეული ხე ხმებოდა, ახლა რამდენიმე ასეული ხმება. „პრუსიის სასახლეებისა და ბაღების ფონდის“ კონსერვაციის სპეციალისტმა კატარინა მათეამ სარწყავი სისტემა დანერგა, რაც ადრე წარმოუდგენლად ითვლებოდა ისტორიული ბაღისთვის ისეთ საკმაოდ ნესტიან ქვეყანაში, როგორიც გერმანიაა.
„ასეთ გაშლილ ადგილს, როგორც აქაურობაა, ახლა მუდმივად ვრწყავთ და ამან გაამართლა“, – ამბობს კატარინა.
აქ ექსპერიმენტებსაც ატარებენ და ბუნებრივი ტყეპარკიდან მოტანილ ნერგებს რგავენ, ნაცვლად სათბურიდან მოტანილი ხეებისა, როგორც ადრე ხდებოდა. იმიტომ, რომ თუკი ნერგი ბუნებრივ გარემოში გადარჩა, იგი უკეთ გაუძლებს გვალვასა და სიცხეს.
„იმედი გვაქვს, რომ ეს ხე აქაურობას უკეთ შეეგუება, ვიდრე ის ხე, რომელიც სათბურიდან მოიტანეს, სადაც მას სასუქითა და წყლით ამდიდრებენ, რათა მერე აქ უკეთ გაიხაროს“, – განმარტავს კატარინა.
როგორც „პრუსიის სასახლეებისა და ბაღების ფონდის“ კონსერვაციის განყოფილების ხელმძღვანელი კატრინ ლანე განმარტავს, სანსუსის ზოგიერთ სასახლეს ახლა უფრო ექსტრემალური ამინდი აზიანებს, განსაკუთრებით მაღალი ტენიანობა, რომელიც ავეჯსა და კედლების საფარს აფუჭებს.
„ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, როდესაც ნამის წერტილი იცვლება, წვეთები კედლებზე ჩამოდის, კუთხეებში ობი ედება, როდესაც მასალა იშლება და წყდება მიმაგრების ადგილს. ამ ყველაფერს კლიმატის ცვლილება იწვევს“, – ამბობს კატრინ ლანე.
ბოლო ათ წელიწადში ამ ადგილის მენეჯერებს სულ უფრო უჭირთ ამ საგანძურის კონსერვაცია იმ სახით, როგორითაც პრუსიელი სამეფო ოჯახი ტკბებოდა. ლანდშაფტის შეცვლა არ შეიძლება – ხეები, ბილიკები და წყალსადენები ისევე უნდა დარჩეს, როგორც დიზაინერებმა ჩაიფიქრეს. არის იმედი, რომ ეს შესაძლებელია.
„თუ ადაპტაციის ყველა სტრატეგიას გავატარებთ და ასევე დავრგავთ ტყის მცენარეებსა და ხეებს, მაშინ შევძლებთ ძირითადი სტრუქტურის შენარჩუნებას“, – ამბობს ბაღის დირექტორი მიხაილ როდე.
ავტორი: ჯერემი ვილქსი