პაკისტანის ხელისუფლებამ გამოაცხადა მასშტაბური რეპრესიების შესახებ ქვეყანაში უკანონოდ მყოფი მიგრანტების წინააღმდეგ. სადაც განაცხადეს, რომ შემდეგი თვიდან ქვეყნიდან ყველა იმ მიგრანტს გააძევებენ, რომელთაც დოკუმენტები წესრიგში არ აქვთ. ამ ამბავმა უკმაყოფილება გამოიწვია ქვეყანაში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებში, რომელთა შორისაც ბოლო მონაცემებით, 1 700 000 ავღანელია.
პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სარფრაზ ბუჰთიმ განაცხადა, რომ რეპრესიები არ არის მიმართული ავღანელების წინააღმდეგ და გავრცელდება ყველა ქვეყნის წარმომადგენელზე, თუმცა მიგრანტების სრული უმრავლესობა ქვეყანაში ავღანელია.
სარფრაზ ბუჰთიმ განაცხადა, რომ ყველა მიგრანტი, რომელიც პაკისტანში არალეგალურად იმყოფება, თავისი ნებით უნდა დაბრუნდეს საკუთარ ქვეყანაში ოქტომბრის ბოლომდე, რომ თავიდან აიცილონ მასობრივი დაკავება და იძულებითი დეპორტაცია.
მისივე თქმით, შეიქმნება სატელეფონო ხაზი და საზოგადოებას შესთავაზებენ ჯილდოს მიგრანტების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ.
სარფრაზ ბუჰთი, პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი: “ჩვენთან მყოფ არალეგალ იმიგრანტებს, რომლებიც ცხოვრობენ პაკისტანში არალეგალური სახსრებით, პირველ ნოემბრამდე ვაძლევთ დროს. ამ დროისთვის ისინი თავიანთ ქვეყნებში უნდა დაბრუნდნენ. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, მოვახდენთ მათ დეპორტაციას ახალი ბრძანების შესაბამისად.
იმ ხალხს, რომელიც აქ არალეგალურად ცხოვრობს, ფლობს უკანონო ქონებას, აწარმოებს უკანონო ბიზნესს, რომელიც არ შედის ჩვენს საგადასახადო სისტემაში, ჩვენი დაზვერვა და სამართალდამცავი ორგანოები იპოვიან და დავაყადაღებთ მათ ბიზნესებს.
კამპანია მიმდინარეობს პაკისტანსა და მეზობელ ავღანეთს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე. მხარეებს შორის უთანხმოებას იწვევს ის ფაქტი, რომ ქვეყანაზე თავდასხმების ავტორად პაკისტანი ასახელებს თალიბანის მოკავშირე მებრძოლებს.
პაკისტანი ავღანელი დევნილებისთვის მას შემდეგ იქცა თავშესაფრად, რაც მილიონობით ადამიანმა დატოვა ქვეყანა საბჭოთა ოკუპაციის დროს 1979-1989 წლებში. მაშინ ავღანეთიდან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მიგრაცია მოხდა.
კიდევ ასი ათასამდე ავღანელი გაექცა თალიბანის მმართველობას მას შემდეგ, რაც 2021 წელს თალიბები ხელისუფლებაში მოვიდნენ.
ბიბი ლეილა 45 წლის ავღანელია, რომელიც პაკისტანში 40 წელზე მეტ ხანს ცხოვრობს. პოლიციამ ცოტა ხნის წინ მისი 24 წლის ვაჟი ატტაულლუ დააკავა.
“პოლიციამ ის დააპატიმრა იმის მიუხედავად, რომ მას პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ჰქონდა. თუკი მან რაღაც დანაშაული ჩაიდინა, მაშინ ბრალი უნდა წარუდგინონ. ის კი მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ ავღანელია. დოკუმენტი რომ არ ჰქონოდა თან, მაშინ გასაგები იქნებოდა. ჩვენ გვაქვს დოკუმენტები, რომლებიც მივიღეთ ხელისუფლებისგან დიდხნიანი მცდელობის შემდეგ. მაგრამ თუკი ასე გვაპატიმრებენ, მაშინ ამ დოკუმენტს რა ფასი აქვს?
თუ გვაიძულებენ ქვეყნის დატოვებას, წავალთ. მაგრამ ჩვენი უფლებაა დავრჩეთ პაკისტანში ისლამური კანონების შესაბამისად, ასევე დემოკრატიული ნორმების გათვალისწინებით. ორმოცი წელი, ეს ძალიან ბევრია. სამართალი უნდა არსებობდეს, უნდა გაითვალისწინონ ისტორია. არ არსებობს ადამიანის გაძევების პრეცედენტი, რომელმაც ქვეყანაში 40 წელი იცხოვრა”, – წუხს ქურბან ნაზარი, ავღანელი დევნილი.
“ამ დროისთვის პაკისტანში თითქმის 4,5 მილიონი ავღანელი ცხოვრობს, მათ შორის მილიონ შვიდასი ათასი არარეგისტრირებულია”, – განაცხადა სარფრაზ ბუჰთიმ. მისივე თქმით, დარეგისტრირებულ ავღანელებს არ უნდა ეშინოდეთ მოსალოდნელი რეპრესიების.
ბუჰთი ასევე ამბობს, რომ დაახლოებით 2,5 მილიონ ავღანელს აქვს დევნილის სტატუსი, რაც მათ აძლევს საშუალებას, მიიღონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
“მოვუწოდებ მთავრობას, რაც შეიძლება მალე გაათავისუფლოს ყველა ლტოლვილი. მთავრობამ უნდა შეიმუშაოს პოლიტიკა ავღანელი ლტოლვილებისთვის. ამის გაკეთება არ შეიძლება მკაფიო პოლიტიკის გარეშე. ლტოლვილები აქ 1979 წლიდან ცხოვრობენ. ახლა მთავრობას სურს, რომ ისინი უცებ წავიდნენ, როგორ უნდა წავიდნენ? ხალხს სამი წელი მაინც უნდა მიეცეს, რომ უმტკივნეულოდ ჩაიაროს პროცესმა”, – ამბობს აბდულა შაჰ ბუჰარი, ავღანელ ლტოლვილთა საზოგადოების ლიდერი.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ხელისუფლება ქვეყნიდან მიგრანტების ასეთი მასშტაბური გაძევების შესახებ აცხადებს.