რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ დაიმედებული გამოვიდა. რუსულ გამოცემა “იზვესტიასთან” საუბრისას ბჟანიამ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართული რუსეთი ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივ ბაზას ააშენებს, რაც დე-ფაქტო ლიდერს მხარდაჭერად მიაჩნია. მანვე ისაუბრა საქართველოსთან ურთიერთობასა და ცენტრალური მთავრობის უმაღლეს პირებზე. ასევე შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ბრალი დასდო აფხაზეთის ტერიტორიაზე საჰაერო დაზვერვის განხორციელებაში. შიდა პროპაგანდისტული მოხმარებისთვის გათვლილი განცხადების საკითხზე ასლან ბჟანიასთვის კრემლში არაფერი უთქვამთ.
„ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება. ურთიერთობა ხდება ერთი მიმართულებით – ეკონომიკის კუთხით, ენგურჰესი. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ ამ სადგურზე, კაშხალი მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე, თავად სადგური კი აფხაზეთის ტერიტორიაზეა. რაც შეეხება სხვა ასპექტებს, ჟენევის დისკუსიების გარდა კონტაქტები პრაქტიკულად არ არსებობს.
საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა, ვგულისხმობ პრემიერ-მინისტრსა და მის გუნდს, და არა საქართველოს პრეზიდენტს, პრაგმატული ხალხია და ამ თვალსაზრისით, ასე ვთქვათ, ასეთი დიდი პრობლემები არ ყოფილა.
ხანდახან ხდება, რომ არა იმდენად ქართული, რამდენადაც ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავები არღვევენ საჰაერო სივრცეს, ჩვენ ამ საკითხს ვაფიქსირებთ, მაგრამ ცხადია, რომ ეს დაზვერვა ხორციელდება შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალებისა და გარკვეულწილად საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა დე-ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ.
ასლან ბჟანიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხეს თბილისიდან. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა წერილობითი განცხადება გაავრცელა:
„შეშფოთებას გამოვთქვამთ სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი სამხედრო ბაზის განლაგებისა და რუსეთის მიერ ინიციირებულ ინტეგრაციულ პროცესებში საქართველოს განუყოფელი აფხაზეთის რეგიონის ჩართვის შესახებ. მსგავსი ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევასა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისაკენ მიმართულ მორიგ პროვოკაციულ მცდელობას“, – ნათქვამია წერილში.
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სავარაუდო გეგმებთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა საქართველოს პარლამენტშიც. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლების უმოქმედობისა და რუსეთთან დამთბარი ურთიერთობების ლოგიკურ შედეგად მიიჩნევენ ჩრდილოელი მტრის ამ შესაძლო ნაბიჯს.
“ეს არის რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში საომარი მოქმედების გადმოტანის მცდელობა, ფრონტის ხაზის გადმოტანის მცდელობა აფხაზეთში. ამ ბაზას გამოიყენებენ რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების შესაფარებლად, რომლებიც დღე სევასტოპოლსა და ნოვოროსიისკის პორტებში დარტყმის ქვეშ იმყოფება. ეს გემები ატარებენ ფრთოსან რაკეტებს, რომლებსაც ყოველდღიურად უშენენ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას. შესაბამისად, ეს გემები წარმოადგენენ უკრაინის სამხედრო ძალების ლეგიტიმურ სამიზნეებს და აქედან გამომდინარე, ამ ბაზის მშენებლობა არის პირდაპირი მცდელობა, მოხდეს საომარი მოქმედებების გადმოტანა აფხაზეთში. მოვუწოდებთ ჩვენს თანამოქალაქეებს აფხაზეთში, წინ აღუდგნენ ამ მცდელობას, რამდენადაც ეს დიდ საფრთხეს უქმნის მათ უსაფრთხოებას, დიდ საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეებს. საქართველოს ხელისუფლების მიერ არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა ვითარების შესაცვლელად და მეტიც, ვერ ვხედავთ ვერანაირ მცდელობას და განცხადებას რომ რუსეთს ხელი შეუშალოს ამაში“, – განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო ლიდერები კი ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ფორმალური განცხადებაა და რუსეთის კავკასიის რეგიონისადმი ინტერესის მორიგ გამოხატულებად მიიჩნევენ. მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ რუსეთის დღევანდელი ნაბიჯი საქართველოს წინა ხელისუფლების დამსახურებაა.
„არანაირი შეთანხმება რუსეთსა და აფხაზეთს შორის არ არსებობს, ეს არის გარკვეული ფორმალობა, ხანდახან საშუალებას მისცემენ ხოლმე ბჟანიას, რომ დაელაპარაკოს ვინმეს მაღალ დონეზე, მათ შორის პრეზიდენტს. ეს არის რუსეთის ინტერესი, რომ ძალები მოიკრიბოს, რათა კავკასიის რეგიონი არ დათმოს, რომელიც სააკაშვილმა ჩააბარა 20 პროცენტის ოდენობით. ეს მისთვის მიზანი იყო და მიზნად რჩება, სამხედრო ძალების მობილიზაციის საშუალება ამ სივრცეში მას შემდეგ, რაც დანაშაულებრივი შეცდომები ჩაიდინა სააკაშვილის ხელისუფლებამ. როცა გადაცემული სტრატეგიული ობიექტების რესურსებს ფლობს, ის იმის დათმობასაც არ დაუშვებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ საფრთხის შემცველ სიტუაციაში, მათ შორის რუსეთიდან მომავალი საფრთხის წინ მყოფნი, ვალდებულები ვართ ჩვენი პატარა ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოზე”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი სამხედრო ბაზების გარდა რუსებს ათეულობით, შედარებით მცირე ზომის სამხედრო ობიექტებიც აქვთ განთავსებული, განსაკუთრებით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და აფხაზეთის ტერიტორიის სიღრმეში. გუდაუთიდან აფხაზებს ყველაზე დიდი ბაზა 2001 წელს უნდა გაეყვანა, მაგრამ 2008 წლის ომის შემდეგ რუსული სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა არათუ შეამცირა, არამედ გაზარდა და გააძლიერა. უცნობია, მოჰყვება თუ არა რაიმე განცხადება კრემლიდან მარიონეტული რეჟიმის ლიდერის მიერ გაკეთებულ კომენტარს და რა პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს რუსეთი აფხაზეთში მორგი სამხედრო ბაზის აშენებასთან დაკავშირებით.
ალეკო გვეტაძე