მთავარიმსოფლიოევროპაგრანადა - ადგილი, სადაც ევროპის მომავალი იწერება

გრანადა – ადგილი, სადაც ევროპის მომავალი იწერება

ესპანეთის ქალაქ გრანადაში ევროპული ქვეყნების ლიდერები იკრიბებიან.  იქ 47 სახელმწიფოს ლიდერი დაპატიჟეს. დღეს, 5 ოქტომბერს,  ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტია, ხვალ კი ლიდერთა არაფორმალური შეხვედრა, სადაც ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნების დახმარების პოლიტიკა უნდა განიხილონ. გრანადაშია  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. სამიტის დაწყებამდე მან უკვე გააკეთა განცხადება და ევროკავშირს კიდევ ერთხელ გაუხსენა შარშანდელი ამბავი, რომელიც როგორც თავად ამბობს, შეცდომა იყო.

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს:  „ვფიქრობ, ევროპა აღარ დაუშვებს იმ შეცდომას, რომელიც შარშან დაუშვეს, როცა საქართველო დაჩაგრეს, მოექცნენ უსამართლოდ და ამით რეალურად საქმე გაუკეთეს არა ჩვენს ქვეყანას, არამედ სხვას, რომელიც დაინტერესებული არის უფრო მეტი განსხვავებულობის დემონსტრირებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენს ევროპელ კოლეგებს ყველაფერი ავუხსენით, მათ გაიზიარეს ეს არგუმენტები. ჩემი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ქვეყანამ მიაღწია ძალიან ხელშესახებ შედეგს ყველა მიმართულებით. ჩვენ წინ ვუსწრებთ უკრაინას, მოლდოვას, ბოსნია-ჰერცეგოვინას, რომლებმაც მიიღეს კანდიდატის სტატუსი შარშან და ჩვენ არ მივიღეთ, სამწუხაროდ. ჩვენ უსამართლობას და ასეთ მჩაგვრელ დამოკიდებულებას არ შევეგუებით, ამაზე ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული საუბარი ყველა ჩვენს ევროპელ კოლეგასთან. ვფიქრობ, რომ საღი აზრი, რაციონალურობა, წინდახედულობა და სტრატეგიული აზროვნება გაიმარჯვებს“.

გრანადაში არიან ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები. Financial Times-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მოქმედი წესებით ევრობლოკს 9 მომლოდინე ქვეყნის გაწევრება შვიდი წლის განმავლობაში 256 მილიარდ 8 მილიონი ევრო დაუჯდება, საიდანაც  72%-ზე მეტი უკრაინას გადაეცემა. დღეს გრანადაში მთავარი თემა  სწორედ უკრაინის მხარდაჭერა და ამ საკითხთან დაკავშირებული ერთსულოვნების შენარჩუნებაა. თავად უკრაინას აქვს წინადადებები რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერების, შავი ზღვის უსაფრთხოების, ნაოსნობისა და გლობალური სასურსათო უსაფრთხოების საკითხებზე.  ვოლოდიმირ ზელენსკი გრანადაში უკვე ჩავიდა და კიდევ ერთხელ შეახსენა  ევროპულ აუდიტორიას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ერთსულოვნების შენარჩუნება იმ ფონზე, როცა რუსული პროპაგანდა ყველაფერს აკეთებს და დასავლური ერთიანობის დასაშლელად და შიდაპოლიტიკური მოვლენებიც, მაგალითად შტატებში, ამ მხრივ სამომავლო ხედვებს ბუნდოვანს ხდის.

ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს: „იცით? მე ვფიქრობ, რომ  უკრაინამ უკვე გადალახა განცდები, რომელიც  სრულმასშტაბიანი ომის პირველ დღეებს უკავშირდებოდა.

ვფიქრობ, ჩვენთვის ღელვა  უკვე დაგვიანებულია. უნდა ვიმუშაოთ! მე ვიყავი ვაშინგტონში წელს, შევხვდი პრეზიდენტ ბაიდენს და მივიღე 100-პროცენტიანი მხარდაჭერა თეთრი სახლისგან, ასევე ორპარტიული მხარდაჭერა მქონდა კონგრესში. ახლა აშშ-ში რთული საარჩევნო პერიოდია, სხვადასხვა ხმა ისმის, ზოგი ხმა ძალიან უცნაურია. ამის შესახებაც ვისაუბრებთ დღეს“.

სამიტი მასპინძელმა გახსნა, პედრო სანჩესმა… ესპანეთის პრემიერ-მინისტრი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პათოსს იმეორებს. როგორც ჩანს, გრანადიდან მთელი მსოფლიოს მიმართ გზავნილი ის არის,რომ ევროკავშირი მშვიდობის პროექტია… წარმატებული პროექტი, რომელმაც დღემდე კონტინენტზე მშვიდობა მოიტანა ტრაგედიებით სავსე გასული საუკუნის შემდეგ. და ასევე ის ამბობს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახლა რეფორმა და გაფართოება, რათა მშვიდობის პროექტი მომავალშიც ასეთივე ეფექტიანი იყოს.

პედრო სანჩესი ამბობს:  „ჩვენ ვხსნით გრანადაში დიდ დებატებს, რომელიც მიგვიყვანს ევროკავშირის ღრმა რეფორმამდე, რათა მომდევნო წლებში გავფართოვდეთ, რომ მივიდეთ ევროკავშირის 27 სახელმწიფოდან 35-წევრიან გაერთიანებამდე. ამას ბევრი შიდა გამოწვევა ექნება, რათა დავრჩეთ ეფექტიანნი  და შევძლოთ იმ ქვეყნების მიღება, რომლებიც  დიდი ხანია  აკაკუნებენ ამ საერთო პროექტის კარზე, ეს  ევროკავშირია!“

დღეს უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერი ამერიკის შეერთებული შტატებია, თუმცა პოლიტიკურ წრეებში უკვე აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა ეს ასე არ გაგრძელდეს,  თუ ამერიკის ბიუჯეტში სათანადო პუნქტები არ ჩაიდო და ამას კონგრესი არ დათანხმდა. ამის პარალელურად, ბოლო პერიოდში  იყო დაძაბულობა კიევსა და ვარშავას შორის, რომელიც ასევე  ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია უკრაინის, ომის პირველივე დღეებიდან. გრანადაში  შეკრებილების მთავარ მიზანი დღეს სწორედ ამ გზავნილების განეიტრალებაა. იმის დამტკიცება, რომ ევროპა ისევ ერთიანია და ისევ რჩება მშვიდობის ყველაზე წარმატებულ პროექტად.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელი ამბობს:  „რა თქმა უნდა, ევროპა ვერ ჩაანაცვლებს ამერიკის შეერთებულ შტატებს… ევროპა უკრაინის მხარდაჭერას აძლიერებს. მაგიდაზეა 50 მილიარდი ევროს მოცულობის წინადადებები სამოქალაქო და ეკონომიკური მიმართულებებისთვის და 20 მილიარდი ევროს წინადადებები სამხედრო კომპონენტისთვის. და ჩვენ ეს გავაკეთეთ მანამ, სანამ შტატები მიიღებს გადაწყვეტილებას“.

ამ შეკრებაზე გრანადაში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც უნდა ყოფილიყო, თუმცა არ ჩავიდა. დაგეგმილი იყო მისი შეხვედრა სომხეთის პრემიერთან, მაგრამ  აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ის სავარაუდოდ საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის დაპირებულმა სამხედრო დახმარებამ გაანაწყენა. ნიკოლ ფაშინიანი დღეს გრანადაშია. ის დისკუსიებში მონაწილეობს, როგორც ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის ლიდერი.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს: „რა თქმა უნდა,  სომხეთი აქ არის და მონაწილეობს დღევანდელ დისკუსიებში. მე შევხვდები სომხეთის პრემიერ-მინისტრს ორმხრივ ფორმატში.  ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს სომხეთს და ასევე მხარში ვუდგავართ ჰუმანიტარულ საჭიროებებში. ჩვენ უკვე გამოვყავით 5 მილიონ 200 ათასი ევრო. დღეს სომხეთის პრემიერს ვეტყვით, რომ  ამ თანხას გავაორმაგებთ და ასევე მივცემთ ყოველწლიურ პირდაპირ  საბიუჯეტო დახმარებას 15 მილიონი ევროს ოდენობით. ასევე განვიხილავთ, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ კიდევ სომხეთის მხარდასაჭერად ამ რთულ ვითარებაში“.

ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის ფორუმი რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩამოყალიბდა. ის წარმოადგენს 40-ზე მეტი ქვეყნის მთავრობათაშორის ფორუმს ევროპის მომავალზე პოლიტიკური და სტრატეგიული დისკუსიისთვის.  ეს უკვე მესამე შეხვედრაა ამ ფორმატში.  პირველი სამიტი 2022 წლის ოქტომბერში ჩეხეთში ჩატარდა, ხოლო მეორე – 2023 წლის ივნისში მოლდოვაში.

სოფო მაქაცარია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend