მთავარიმსოფლიოკავკასიაერევანში ისრაელს ბაქოს მხარდაჭერაში ადანაშაულებენ

ერევანში ისრაელს ბაქოს მხარდაჭერაში ადანაშაულებენ

ისრაელში სომხეთის ელჩის მტკიცებით, იერუსალიმი ბაქოს დიდ სამხედრო დახმარებას უწევს და სწორედ ისრაელის დიდი წვლილის შედეგია მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის სასარგებლოდ ვითარების ცვლილება. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები არ საუბრობენ ყარაბაღში ისრაელის მიერ წარმოებული შეიარაღების გამოყენებაზე, ისრაელში აზერბაიჯანის ელჩი კი ამბობს, რომ მისი სახელმწიფო შეიარაღების სფეროში ბევრ ქვეყანასთან თანამშრომლობს, მათ შორის ისრაელთანაც. აზერბაიჯანი ისრაელს საჭირო ნავთობის დაახლოებით 40 პროცენტს აწვდის.

ერევანში მიაჩნიათ, რომ სწორედ ისრაელის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარებისა და თანამშრომლობის შედეგია ბაქოს მიერ მიღწეული წარმატება მთიანი ყარაბაღის რეგიონში.

სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლები დიდი შეშფოთებით ადევნებდნენ თვალს ისრაელის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის დიდი რაოდენობით თანამედროვე შეიარაღების მიწოდებას.

მუქტარ მამადოვი, ისრაელში აზერბაიჯანის ელჩი: “ჩვენ ბევრ სხვადასხვა სახელმწიფოსთან ვთანამშრომლობთ. ისრაელი გამონაკლისს არ წარმოადგენს. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ისრაელთან თანამშრომლობის საშუალება გვაქვს, ეს პროცესი აზერბაიჯანული სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას მეტად ეხმარება. აზერბაიჯანმა თითქმის 40-წლიანი ოკუპაციის შემდეგ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეძლო და ამ პროცესში ისრაელი არ მონაწილეობდა”.

ამრან აკოფიანი, ისრაელში სომხეთის ელჩი: “უდიდესი ადამიანური ტრაგედიის მომსწრენი ვართ, იმაზე მეტ ყურადღებას იმსახურებს ეს მსოფლიო საზოგადოებიდან, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ისრაელის მონაწილეობაზე თუ იკითხავთ, ნათელია, რომ ისრაელი პირდაპირ ჩართული არ არის ამ პროცესებში, მაგრამ ისრაელსა და აზერბაიჯანს შორის ძალიან ძლიერი სამხედრო კავშირია. აზერბაიჯანმა ისრაელისგან რამდენიმე მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების შეიარაღება შეიძინა, ყარაბაღის მეორე ომში აზერბაიჯანი სწორედ ისრაელისა და თურქეთის მიერ მიწოდებული იარაღით იბრძოდა”.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბოლო დაპირისპირებას ორივე მხარეს 400-ზე მეტი სამხედროს სიცოცხლე შეეწირა. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს სომხური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ განცხადება არ გაუკეთებიათ.

 

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend