ევროკავშირი დეკემბერში გეგმავს დაიწყოს ოფიციალური მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრების საკითხზე. ამის შესახებ Politico ევროკავშირის სამ დიპლომატზე დაყრდნობით წერს. ანონიმური წყაროები ამბობენ, რომ ნოემბერში კომისია გამოაქვეყნებს ანგარიშს პროგრესის შესახებ, თუ როგორ შეასრულა უკრაინამ ევროკომისიის მოთხოვნები. სავარაუდოდ, ამ დასკვნის საფუძველზე წევრი ქვეყნები მოლაპარაკებების დაწყებას ვეღარ გადადებენ, ასე რომ საკითხს დეკემბერში ბრიუსელიდან მწვანე შუქი ექნება.
აგვისტოს მონაცემებით, უკრაინამ 7 ძირითადი რეკომენდაციიდან მხოლოდ 2 დააკმაყოფილა სრულად. მიუხედავად ამისა, Politico-ს წყაროები ამბობენ, რომ „ლიდერები მზად არიან გააკეთონ პოლიტიკური განცხადება, რომელიც გზას გაუხსნის მოლაპარაკებებს, იმ შემთხვევაშიც თუ სამართლებრივი ჩარჩო ჯერ კიდევ არ იქნება მომზადებული. ამავე წყაროების თანახმად, შვიდი კრიტერიუმის შესრულებაში პროგრესი აშკარაა „და მხოლოდ ერთი რეკომენდაცია არის ყველაზე პრობლემური, საკითხი, რომელიც უმცირესობებს ეხებოდა”.
სულ რამდენიმე დღით ადრე, კიევში გამართულ ევროკავშირის არაფორმალურ მინისტერიალზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ შეასრულებს ევროკომისიის ყველა მოთხოვნას. თავის მხრივ, ევროკავშირის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ბლოკი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას გრძელვადიან პერსპექტივაში, მიუხედავად კრემლის იმედისა, რომ დასავლეთი ომით დაიღლება და ასევე მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება აშშ-ში. საქმე ეხება ქვეყნის დროებით ბიუჯეტს. ამ დოკუმენტში არაფერი წერია უკრაინის დახმარებაზე.
თუმცა, თეთრმა სახლმა ცხადყო, რომ გადაწყვეტილია, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა. ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ თქვა, რომ ჯერ კიდევ არის ფინანსური რეზერვები, გაგრძელდეს უკრაინის დახმარება. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია დროებით ბიუჯეტში ცვლილებები შევიდეს.
ამერიკული მედია ეჭვობს, რომ შესაძლოა ბაიდენსა და მაკარტს შორის იყოს საიდუმლო შეთანხმება. ბაიდენი ხელს აწერდა დროებით ბიუჯეტს, რათა თავიდან აეცილებინა კრიზისი, ხოლო მაკკარტი თავის მხრივ, მოგვიანებით ცალკე კენჭისყრას გამართავდა უკრაინის საკითხზე. ეს შეთანხმება შედგა თუ არა უცნობია, თუმცა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერი კევინ მაკარტი თანამდებობიდან გადააყენა. რესპუბლიკელებმა მაკარტის ბრალი სწორედ იმაში დასდეს, რომ მან საიდუმლო შეთანხმება გააფორმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან უკრაინის დაფინანსების საკითხზე.
უცნობია, ახლა როგორ დააფინანსებენ უკრაინას. მაკარტის თანამდებობიდან წასვლამ საკითხი კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა.