მთავარისაქართველო"შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების შეფასებები

“შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების შეფასებები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამართული ორი ბრიფინგი მმართველი პარტიისთვის იმის მიზეზი აღმოჩნდა, რომ „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანონ და გაამკაცრონ. „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი ცვლილებების მიხედვით, დროებითი კონსტრუქციის მათ შორის კარვების მოწყობა აკრძალულია, თუ:

საფრთხე ექმნება აქციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;

ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;

იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას ან შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება;

ამავე კანონპროექტით, წესდება სანქციებიც. დარღვევა იწვევს საგნის კონფისკაციასა და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით; ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციასა და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის რადიკალური ნაწილის გეგმა ხელისუფლების ჩამოშლა და არეულობის პროვოცირებაა და ამას წინ უნდა აღუდგნენ.

“მე გარწმუნებთ, რომ ამ კანონს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მივიღებთ. ჩვენ შეფასებებს ვნახავთ, მაგრამ ერთის თქმა ნამდვილად შემიძლია. ეს ემსახურება მხოლოდ ერთადერთს, რომ სადავო საკითხები დაზუსტდეს და აღარ იყოს ბუნდოვანება, რათა მომავალში უკეთ დავიცვათ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება. რაც შეეხება შეკრება-მანიფესტაციებს, მერწმუნეთ, რომ არაფრის აკრძალვა არ ხდება. მცდელობაა, რომ ეს ასე მოინათლოს, რომ თითქოს ჩვენ კარვების დადგმას ვკრძალავთ. ხდება დაზუსტება და განმარტება იმ გარემოებების, რა შემთხვევაში უნდა იყოს შეზღუდვა. მეორეს მხრივ, სამართალდამცავ სტრუქტურებს რეაგირება შეეძლებათ რეალური საფრთხეების დროს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ.

ოპოზიციის წარმომადგენელი პოლიტიკოსები კი მმართველი პარტიის შიშზე საუბრობენ. მათი განცხადებით, ეს ცვლილებები აუარესებს ადამიანის უფლებათა  დასავლურ მიდგომას ჩვენს ქვეყანაში. ამის მოტივად კი, საზოგადოებაში საპროტესტო მუხტის ჩახშობის მცდელობასა და „ქართული ოცნების“ რეპრესიულ პოლიტიკას მიიჩნევენ.

“”ქართულ ოცნებას” ბოლო ჟამი უდგას. ასე იქცევიან ხელისუფლებები, როდესაც მათ ბოლო ჟამი უდგათ. ეს ჩვენ და საზოგადოებას უკვე გვინახავს. გავიხსენოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ბოლო პერიოდი. რა კანონი მიიღეს, რომ სამთავრობო უწყებების შენობებთან 20 მეტრში მიახლოება იკრძალებოდა. ამის მსგავსია ეს კანონიც. როდესაც ხელისუფლებას ხალხის ეშინია, ეს არის მისი ბოლო ჟამი და 2024 წელს არჩევნებით, ჩვენ ეს ხელისუფლება სახლში უნდა გავუშვათ“, – აცხადებს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.

კანონში „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ მმართველი პარტიის მიერ დაგეგმილ ცვლილებებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება სამოქალაქო სექტორიც. ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნები (ISFED)“ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს:

„მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერაზე, არ გააუარესოს ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკანონმდებლო ჩარჩო და უზრუნველყოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებითა და  თავისუფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა“.

კანონი პირველი მოსმენით მიღებულია. პარლამენტში ეს კანონპროექტი მმართველმა პარტიამ ორ ოქტომბერს შეიტანა და მისი განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო ოპოზიციის უმრავლესობა ამ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend