მთავარიმსოფლიოევროპაევროკავშირი გაფართოებისთვის ემზადება - დეტალებს ლიდერები 6 ოქტომბერს განიხილავენ

ევროკავშირი გაფართოებისთვის ემზადება – დეტალებს ლიდერები 6 ოქტომბერს განიხილავენ

6 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ გრანადაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მესამე სამიტი გაიმართება, სადაც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ევროკავშირის გაფართოება იქნება. ეს საკითხი ერთი კვირის წინ არაფორმალურ მინისტერიალზეც განიხილეს, სადაც საუბარი იყო ევროკავშირის 35-ზე მეტ ქვეყნამდე შესაძლო გაფართოებისთვის შიდა მომზადების საჭიროებასა და კანდიდატი წევრების მხარდაჭერის გაძლიერებაზე. რამდენიმე დღის წინ ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ ევროკომისია წარადგენს გეგმას, თუ როგორ დაეხმარება ევროკავშირში გაწევრების მსურველ ქვეყნებს ევროინტეგრაციის გზაზე. საუბარია ამ ქვეყნებისთვის მეტი ფინანსური დახმარების გაწევაზე. მისი თქმით, ევროკომისია წარადგენს გაფართოების ახალ მიდგომებს ათი ქვეყნისთვის – კანდიდატი სახელმწიფოებისა და იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ევროპული პერსპექტივა აქვთ მინიჭებული. ოლივერ ვარჰეის კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია, თუმცა ამ დროისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქვს რვა ქვეყანას: ალბანეთს, ბოსნია და ჰერცოგოვინას, მოლდოვას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სერბეთს, თურქეთსა და უკრაინას. პოტენციური კანდიდატი ქვეყნები კი კოსოვო და საქართველო არიან.

თუმცა სანამ ევროკავშირი 27-წევრიანი ბლოკიდან 35-ზე მეტი ქვეყნის კავშირად გადაიქცევა, საუბარი გარკვეული ცვლილებების საჭიროებაზე დაიწყო.

„საჭირო იქნება მნიშვნელოვანი თანხების გადანაწილება, განსაკუთრებით იმ სახსრების, რომლებიც სოფლის მეურნეობისა და ერთიანობისთვის არის განკუთვნილი. ცხადია, რომ თუ უკრაინა ევროკავშირს ცვლილებების გარეშე შეუერთდება, მთელი ბიუჯეტი უკრაინას დასჭირდება, რაც ბევრი წევრი სახელმწიფოსთვის მიუღებელი იქნება. შესაბამისად, საჭიროა მკაცრი მოლაპარაკებები ბიუჯეტის კორექტირების, ფინანსური შენატანებისა და წევრ ქვეყნებს შორის რესურსების გადანაწილების შესახებ“, – ამბობს ევროპული პოლიტიკის ცენტრის ანალიტიკოსი ფრეიზერ კამერონი.

ფრეიზერ კამერონი ასევე ამტკიცებს იმასაც, რომ წარსულში ევროკავშირის გაფართოების პროცესში უგულებელყოფილი იყო შანსები, შეეცვალათ ერთსულოვანი ხმის მიცემის სისტემა, რათა თავიდან აერიდებინათ ვეტო გადამწყვეტ საკითხებზე.  ამ იდეას მხარს უჭერენ ევროკავშირის დიდი ქვეყნებიც. ეს ერთ-ერთი მთავარი მოსაზრებაა საფრანგეთისა და გერმანიის ბოლო მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას შეეხება. მოხსენებაში საუბარია ევროკავშირის წევრობის სხვადასხვა დონის ჩამოყალიბების შესახებ. თუმცა რუმინელი ევროპარლამენტარი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის წევრობა ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს.

„ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის უთანასწორო სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. ბრიუსელში უკვე დაიწყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ბლოკის ძველი წევრები პირველ კლასში მოაქციონ, ახალშემოერთებულები კი მეორეში. ეს შემაშფოთებელი მოსაზრებაა და მას მკაცრი წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ“, – განაცხადა რუმინელმა ევროპარლამენტარმა ვლად გეორგემ.

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მესამე სამიტის დასრულების შემდეგ მომდევნო ეტაპი კი ევროკომისიის მიერ კანდიდატი ქვეყნების სტატუსის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნება იქნება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend