ეთნიკურად სომეხი მოსახლეობით სავსე ბოლო ავტობუსმა მთიანი ყარაბაღი ორშაბათს დატოვა. ასე დასრულდა 100 000-ზე მეტი ადამიანის ერთკვირიანი გადასახლების პროცესი მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა სუვერენიტეტის აღდგენის შესახებ გამოაცხადა. სომხეთში შესულ ბოლო ავტობუსში დაახლოებით 15 მგზავრს მძიმე ავადმყოფობა და მოძრაობის პრობლემები აღენიშნებოდა. გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, ლტოლვილთა შორის დაახლოებით 30 000 ბავშვია, რომელთა დაბინავებაც სომხეთის მთავრობისთვის ახლა მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლების განცხადებით, საწვავის საწყობის აფეთქების შედეგად სულ მცირე 170 ადამიანი დაიღუპა, 200-მდე კი მძიმედ დაიწვა. მათი თქმით, ახლა მთიანი ყარაბაღიდან გადმოსულ თითოეულ ადამიანს გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი სომხეთში მარტე ევერარდი ამბობს, რომ სომხეთი ლტოლვილების დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს, თუმცა კრიზისი ძალიან მძიმეა.
„სომხეთი ახლა უმკლავდება ეთნიკურად სომეხი ლტოლვილების უეცარ და მასიურ შემოდინებას – ოთხ დღეში 100 000-ზე მეტი ადამიანის. ამასთან, საწვავის საწყობის აფეთქებას სულ მცირე 170 ადამიანი ემსხვერპლა, 200-მა კი საშინელი დამწვრობა მიიღო. ახალჩამოსულებს სასწრაფო დახმარება ესაჭიროებათ. სომხეთის მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უზრუნველყონ ლტოლვილების უფასო ტრანსპორტირება და დაბინავება სასტუმროებში, თუმცა კრიზისის მასშტაბები ძალიან დიდია“.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ახლა მთავარ პრობლემას ჰუმანიტარული კატასტროფა არ წარმოადგენს. მთავარი გამოწვევაა ის, რომ 100 000-ზე მეტმა ადამიანმა ახალი ცხოვრების დასაწყებად იმედი და შემართება უნდა იპოვოს.