მთავარიმსოფლიოკავკასიაყარაბაღიდან ლტოლვილთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა

ყარაბაღიდან ლტოლვილთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა

სომხეთის ქალაქ გორისში, სიუნიქის ოლქში, უკვე ერთი კვირაა ათი ათასობით ლტოლვილი ჩადის მთიანი ყარაბაღიდან. ერევნის მონაცემებით, ყარაბაღი უკვე ასი ათასზე მეტმა მცხოვრებმა დატოვა. ჰუმანიტარული დახმარების მიზნით გორისში ჩავიდა გაეროს მისია ლტოლვილთა დაცვის საკითხებში. გაეროს წარმომადგენლები ადგილზე სწავლობენ ლტოლვილთა მდგომარეობასა და საჭიროებებს და მათ სხვადასხვა ტიპის დახმარებას უწევენ.

„ქალაქ გორისში ვიმყოფებით, სადაც 100 ათასი დევნილი ჩამოვიდა გზაში რამდენიმე დღიანი ყოფნის შემდეგ. ადამიანები აქ ჩამოდიან გაწვალებულები. მწვავედ საჭიროებენ დახმარებას, გაერო პირველივე დღეებიდან მუშაობს საგანგებო სიტუაციაში. ჩვენ აქ ჩამოსულ ადამიანებს ვეხმარებით გასაშლელი საწოლებით, მატრასებითა და სხვა საჭირო ნივთებით. ჩვენთან ჩამოდიან სატვირთოები და განვაგრძობთ იმ ადამიანების დახმარებას, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება“, – ამბობს ანჯელა მური, გაეროს უმაღლესი კომისრის თანამშრომელი ლტოლვილების დაცვის საკითხებში.

კვირას, პირველ ოქტომბერს, გაეროს მისია ადგილზე მდგომარეობის შესასწავლად პირველად 30 წლის განმავლობაში ჩავიდა მთიან ყარაბაღშიც, სადაც თითქმის აღარ დარჩა მოსახლეობა.

პარალელურად ფულადი დახმარებისა და საცხოვრებელი ადგილის მისაღებად გრძელდება ლტოლვილთა რეგისტრაცია. გორისში განლაგებული ლტოლვილები, რომლებმაც ყარაბაღი დატოვეს ჰყვებიან, რომ სომხეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად საავტომობილო ხერგილში დღეები გაატარეს.

„ძალიან რთული  გზა იყო, გზაში  26-29 საათი ვიყავით. ძალიან დიდი ხერგილი იყო და აქამდე ჩამოღწევა ძალიან გაგვირთულდა. დედა ავადაა, ძმას კი შვილები და შვილიშვილები ჰყავს“, – ამბობს ერთ-ერთი ლტოლვილი.

„დღეს ერევანში მივდივართ, რომ დავრეგისტრირდეთ და საცხოვრებელი ადგილი ვიპოვოთ. ოთხნი ვართ“, – ამატებს კიდევ ერთი ლტოლვილი.

როგორც გაეროს მისიის წარმომადგენლები ვარაუდობენ, ყარაბაღში მცხოვრებმა 120 000-ვე სომეხმა უკვე დატოვა რეგიონი და ისინი სომხეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში მოხვდებიან. შესაბამისად, უკვე რამდენიმე დღეში სავარაუდოდ არცერთი ეთნიკურად სომეხი ყარაბაღში აღარ დარჩება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend