„ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით განსახილველად მზად არის „შეკრებებისა და მანიფესტაციების” შესახებ კანონში ცვლილებები, რომელთა გათვალისწინებით შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების, მათ შორის კარვების მოწყობა ეკრძალებათ. ცვლილებების ავტორთა განცხადებით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სამართალდამცველები ჩათვლიან, რომ მრავალმხრივ საფრთხეს ქმნის უსაფრთხოებისთვის. მმართველი პარტია დაჩქარებულად აპირებს ამ ცვლილებების მიღებას, რის მოტივადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბოლოდროინდელ განცხადებებსა და დაწყებულ გამოძიებას ასახელებს.
საპარლამენტო ოპოზიცია ეწინააღმდეგება ასეთი ცვლილებების დაჩქარებულად მიღებას და მიაჩნიათ, რომ ქართული ოცნება გამოხატვის უფლების შეზღუდვას აპირებს და ამავდროულად ანტიდასავლურ კამპანიას აძლიერებს.
კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.
ამ ახალი ამკრძალავი ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციასა და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციასა და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციასა და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
ალეკო გვეტაძე