მთავარიგადაცემებიCULTრეზონანსი, რიტმი და ინკლუზიურობა - ლიონის ცეკვის ბიენალე ქუჩაში დაბრუნდა

რეზონანსი, რიტმი და ინკლუზიურობა – ლიონის ცეკვის ბიენალე ქუჩაში დაბრუნდა

საფრანგეთიდან, ევროპიდან და მთელი მსოფლიოდან ჩამოტანილი თითქმის 50 შოუ იქნება წარმოდგენილი ბიენალეზე სამი კვირის განმავლობაში საფრანგეთის სამხრეთულ ქალაქ ლიონსა და მთელ რეგიონში.

ახლახან საფრანგეთის ქალაქ ლიონში გაიხსნა  ცეკვის ბიენალე  თავისი ტრადიციული საცეკვაო მსვლელობით, რომელიც პანდემიის წლების შემდეგ ბოლოსდაბოლოს ისევ უბრუნდება ქუჩას.

თითქმის 4 ათასი მოცეკვავე, მუსიკოსი და კოსტიუმების დიზაინერი,  რომელთა უმეტესობაც მოყვარულია, გამოვიდა ლიონის ცენტრში, რათა რიტმული სვლით ერთმანეთთან დააკავშირონ ხელოვნება და გართობა. ეს ღონისძიება აერთიანებს ყველას და ნებისმიერი მაყურებლის გულს იგებს.

“ეს მსვლელობა რეალურად არის წამყვანი პროექტი, რომელსაც დღეს კულტურულ ნაბიჯსა და კულტურულ მედიტაციას ვუწოდებთ“, –  ტიაგო გედეში, ლიონის საცეკვაო ბიენალეს სამხატვრო ხელმძღვანელი. „ეს არის პროფესიონალ და მოყვარულ ქორეოგრაფებს შორის ერთწლიანი მუშაობის შედეგი არამხოლოდ ცეკვის, არამედ მუსიკის, კოსტიუმებისა და  დინამიკის დონეზეც, ეს ყველაფერი ხელოვნებაა. ქალაქი ერთ მთლიან ცეკვად გადაიქცა და ყველა ცეკვავს, რადგან თვლის, რომ ცეკვა ყველგან უნდა იყოს, რომ ცეკვა  ყოველთვის ყველასთვისაა.

ბიენალემ ყველა ცეკვა უნდა წარმოაჩინოს, ეს მსვლელობა ცეკვის დემოკრატიზაციის დიდებული ნიშანია“.

მოცეკვავეთა ყველა ჯგუფი ქალაქის ცენტრში შეიკრიბა 2023 წლის ბიენალეს გასახსნელად.

საფრანგეთიდან, ევროპიდან და მთელი მსოფლიოდან ჩამოტანილი თითქმის 50 შოუ იქნება წარმოდგენილი ბიენალეზე სამი კვირის განმავლობაში ლიონსა და მთელ რეგიონში. ამ წარმოდგენების თითქმის ნახევარი ახალია.

ბიენალეს ყურადღების მიღმა არც ინდუსტრიული ნანგრევები რჩება, რომლებშიც ეფემერული, უჩვეულო და  მეგობრული ღონისძიებები იმართება.

Club Bingo სახელწოდების ქვეშ ბიენალეზე წარმოდგენილია პროგრამა, რომელიც აქცენტს აკეთებს მსოფლიოს ღამის ცხოვრებაზე, დიჯეი წამყვანებს შორის შეჯიბრებისა და მრავალ ხალისიან საღამოზე, რომლებიც უმცირესობების კულტურას დაეთმობა და რომლებზეც ყველას სიხარულით მიიღებენ.

“ჩვენ ყველანი მოცეკვავეები ვართ და იმის  ჩვენება გვინდოდა, რომ ლიონში უამრავი კოლექტივი აწყობს წვეულებას სულ სხვადასხვა ადგილზე“, – ამბობს  როზა-ამელია და კუნია, Club Bingo-ს პროგრამის წარმომადგენელი. „ჩვენ ყველა ეს ადამიანი მოვიწვიეთ, რათა თავიანთი წვეულებები ჩვენთან ერთად გამართონ, რათა მოვაწყოთ საცეკვაო მოედნები, რომლებიც ადამიანს ათავისუფლებს, ხალისიანია და სადაც, რამდენადაც შესაძლებელია, ყველა იქნება ჩართული“.

ამ ბიენალეს მთავარი იდეა ის არის, რომ გარიყული არავინ დარჩეს. ეს არის გზა, რომ დაირღვეს ზოგჯერ თანამედროვე ცეკვისთვის დამახასიათებელი  ელიტური იერი, მოიხსნას ჟანრისა და სტილის ბარიერები…

ლიონის საცეკვაო ბიენალე  სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

 

ავტორი: ფრედერიკ პონსარდი

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend