ქართველი გამომცემლები განცხადებას ავრცელებენ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობის შესახებ და ამბობენ, რომ არ ითანამშრომლებენ მწერალთა სახლთან არც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში.
თუმცა მიუხედავად ბოიკოტისა, ისინი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საკუთარი სახსრებით წარდგებიან დამოუკიდებელი ქართველი გამომცემლების სტენდით.
მათი ინფორმაციით, ეს სტენდი ღია იქნება ყველა გამომცემლისთვის განურჩევლად იმისა, იზიარებენ თუ არა მათი ბოიკოტის პირობებს.
გამომცემლები ასევე წერენ, რომ მათი ფინანსური მხარდაჭერით ფრანკფურტში გაემგზავრებიან ქართველი ავტორები და მონაწილეობას მიიღებენ დაგეგმილ ღონისძიებებში.
„საქართველოს მწერალთა სახლთან ბოიკოტში მყოფ ქართველ გამომცემლებს გვსურს კიდევ ერთხელ გაცნობოთ, რომ ჩვენი ბოიკოტის მთავარი მიზეზია ის საფრთხე, რომელიც კულტურის სამინისტროს ამჟამინდელი პოლიტიკის გამო თანამედროვე ქართული სალიტერატურო პროცესისა და ზოგადად ქართული კულტურის თავისუფლებას ემუქრება. მიგვაჩნია, რომ კულტურის სფეროს უკიდურესი შევიწროებით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ჩვენს ქვეყანაში სიტყვის, გამოხატვისა და გამოცემის თავისუფლებაც“,- წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს: “სულაკაურის გამომცემლობა”, გამომცემლობა “ინტელექტი”, გამომცემლობა “პალიტრა L” და გამომცემლობა “არტანუჯი”.