მთავარისაქართველოკითხვები შოვისა და გურიის სტიქიურ მოვლენებზე - არასამთავრობოები ეფექტურ გამოძიებას ითხოვენ

კითხვები შოვისა და გურიის სტიქიურ მოვლენებზე – არასამთავრობოები ეფექტურ გამოძიებას ითხოვენ

შოვის ტრაგედიიდან თითქმის 3 თვე გავიდა, თითქმის 2 თვე გავიდა გურიის სოფლებში მომხდარი ტრაგედიიდან.

ახლა  არასამთავრობო ორგანიზაციები ეფექტიანი გამოძიების დაწყებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ სახელმწიფო უწყებებმა პასუხი უნდა გასცენ კითხვებს იმის თაობაზე, თუ რამ გამოიწვია რაჭისა და გურიის სტიქია, შეიძლებოდა თუ არა მსხვერპლის თავიდან არიდება, ვინ არის პასუხისმგებელი ამ ტრაგედიებზე და რისი გაკეთება შეიძლება, რომ მომავალში მსგავსი რამ აღარ მოხდეს.

„ ბოლო 2 თვის განმავლობაში განვითარებულმა ამ ორმა მასშტაბურმა სტიქიურმა მოვლენამ 40-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ჩვენ დღემდე არ გვაქვს პასუხები იმ მნიშვნელოვან კითხვებზე, რომლებიც ამ მოვლენებს უკავშირდება. მათ შორის არ ვიცით, როგორ მიმდინარეობს გამოძიება და დღემდე რაც ზედაპირზე ჩანს, იკვეთება, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ეფექტიანი ინსტრუმენტები იმისთვის, რომ ამ ტიპის ტრაგედიები მომავალში არ მოხდეს და მათზე რეაგირება იყოს დროული და ეფექტიანი“, – აცხადებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.

კითხვები შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით დეპუტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში 22 სექტემბერს დაუსვეს, როდესაც ვახტანგ გომელაური საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით იყო დაბარებული. მაშინ მინისტრმა თქვა, რომ ადგილზე მყოფი  ადამიანები რამდენიმე მეტრი მიწის ქვეშ მოჰყვნენ, ამგვარი სიღრმის ქვეშ კი, მისი აზრით, მათი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლებელი იყო.

არასამთავრობო ორგანიზაციები მინისტრის ამ განცხადებას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ საქმეში არ არსებობს  მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, შესაძლებელი იყო თუ არა ადამიანების გადარჩენა.

„ ბოლოს მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ თითქოს გამორიცხულია გადარჩენა მომხდარიყო იმ ადამიანების, ვინც სტიქიის ზონაში იპოვეს მოგვიანებით გარდაცვლილი, სისხლის სამართლის საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება არ იძლევა ამ დასკვნის გამოტანის საშუალებას, უბრალოდ არ არსებობს საქმეში მტკიცებულებები, რაც ამ საკითხის შეფასების შესაძლებლობას იძლევა, ასეთი არის ორი მტკიცებულება, პირველი რა მდგომარეობაში, როდის და როგორ იპოვეს გარდაცვლილები და ამ კუთხით არის ძალიან ბევრი ხარვეზი, არ არის სათანადო დასურათება, არ არის შესაბამისი დოკუმენტაცია შედგენილი და მეორე არ არის ჩატარებული ყველა გარდაცვლილთან მიმართებით ექსპერტიზები, რაც დაადგენდა გარდაცვალების მიზეზს და გარდაცვალების დროს“, – ამბობს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა თავხელიძე.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანაში არ არსებობს სტიქიური მოვლენების დროს ადრეული შეტყობინების სისტემა, პრობლემაა სტიქიური მოვლენების მართვა და შესაბამისი უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირება.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ამ ფაქტებს ობიექტურად არ იძიებენ, რაც იწვევს დაზარალებულებისა და საზოგადოების უნდობლობას.

3 აგვისტოს შოვში სტიქიის შედეგად 32 ადამიანი გარდაიცვალა, 8 სექტემბერს გურიის სოფლებში სტიქიას კი სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი მოზარდი.

შოვში მომხდარი სტიქიის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 240-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით „გამოძიებას კვალიფიკაცია არასწორად აქვს მინიჭებული“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაგივრად მას გენერალური პროკურატურა უნდა იძიებდეს.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend