მთავარისაქართველოTI: "საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება"

TI: “საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება”

„2022 წელს საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა“, – ასეთია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ახალი კვლევის შედეგები. კვლევის მიხედვით, ეს ზრდა 2023 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა. იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმითა  და საქონლის ექსპორტით 2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 1.6-ჯერ მეტია.

ამავე კვლევის მიხედვით, 2023 წლის პირველ ნახევარში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 32%-ით გაიზარდა და 1.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთის წილი საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 12.4%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო 16 წლის მაქსიმუმია.

დოკუმენტის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან 578 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 2-ჯერ მეტია, მაგრამ პანდემიამდელ 2019 წლის მაჩვენებელს ისევ ჩამორჩება 16%-ით. რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 20%-ია. 2022 წლამდე რუსეთის მოქალაქეების წილს 20%-მდე არასდროს მიუღწევია. დოკუმენტის მიხედვით, რუსი ვიზიტორების ნაწილი რეალურად იმიგრანტია და საქართველოში ხანგრძლივი ვადით დასახლდა. საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს რუსეთის 62 300 მოქალაქე დარჩა საქართველოში საცხოვრებლად.

რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით კვლავ ქართული ღვინის ექსპორტი გამოირჩევა. 2023 წლის 6 თვეში რუსეთში ღვინის ექსპორტი 41%-ით გაიზარდა და 82 მლნ დოლარი შეადგინა. რუსეთის ბაზარს საქართველოს ღვინის ექსპორტში 65% უჭირავს, რაც 2005 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან გაზის იმპორტი 119%-ით გაიზარდა და რუსული გაზის წილმა საქართველოს შიდა მოხმარებაში 24% შეადგინა, როცა 2022 წლის იანვარ-ივნისში 11.6% იყო.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანი უნდა იყოს რუსეთის ეკონომიკაზე მინიმალური დამოკიდებულება. ამ მიმართულებით მათ რეკომენდაციებიც აქვთ შემუშავებული. ისინი მოუწოდებენ მთავრობას, რომ რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად უფრო აქტიურად და დაჩქარებულად უნდა დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომლებთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება.

 

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend