მთავარიევროპაუკრაინადანაღმული ველები უკრაინაში

დანაღმული ველები უკრაინაში

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან დღემდე საბრძოლო მასალებით დაბინძურებული და დანაღმული ტერიტორიის ფართობი 174 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 30%-ია. უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის განსაკუთრებით საშიშია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები და კასეტური საბრძოლო მასალები, რომლებიც შორი მოქმედების სხვადასხვა სამხედრო საშუალებით დისტანციურადაა განთავსებული უკრაინის ტერიტორიაზე. განნაღმვითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს რუსებისგან გათავისუფლებულ ადგილებში.

„ამ დროისთვის უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მიერ შემოწმებულია 2400 სხვადასხვა სახის ობიექტი, 3600 კილომეტრზე მეტი სიგრძის საგზაო და 590 კილომეტრზე მეტი სარკინიგზო მაგისტრალები და დაახლოებით 7200 კილომეტრი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზები. რუსული აგრესიის დაწყებიდან ასაფეთქებელი საშუალებების გამო 780 ადამიანი დაშავდა, მათგან 251 დაიღუპა და 529-მ კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. დაშავდა 77 ბავშვი, 13 კი დაიღუპა“, – განაცხადა უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა მიკოლა დიდიკმა.

რუსეთის შეიარაღებული ძალები ფრონტის ხაზზე კასეტურ შეიარაღებას ავიაციისა და არტილერიის დახმარებით აქტიურად იყენებენ. ბოლო პერიოდში კი რუსეთი უკრაინას სახმელეთო იერიშებზე მეტად სწორედ საავიაციო და საარტილერიო დარტყმებს აყენებს. მეტიც, ომის შესწავლის ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით რუსების სახმელეთო შეტევებმა მნიშვნელოვნად იკლო. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, გასულ დღეს რუსეთმა 83 საავიაციო და 63 საარტილერიო იერიში მიიტანა უკრაინის ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა, როგორც ოფიციალური კიევი იუწყება, უკრაინის არმია სამხრეთით – მელიტოპოლისა და აღმოსავლეთით – ბახმუტის ფლანგებზე აგრძელებს შეტევას.

ომის შესწავლის ინსტიტუტის ბოლო ანგარიშის მიხედვით, რუსები აქტიურად აგზავნიდნენ ვერტმფრენებს ფრონტის სამხრეთ მიმართულებაზე. მაგრამ მას შემდეგ, რაც უკრაინამ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს მიმართა, რუსეთმა ამ საფრენი აპარატების გამოყენება შეამცირა. ამჟამად კრემლი უფრო მეტად დამრტყმელ ავიაციასა და არტილერიას იყენებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend