რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, საქართველოს მთავრობასთან აქტიური მოლაპარაკებისა და თანამშრომლობის შემდეგ რუსეთთან სავიზო რეჟიმი გაუქმდა და ორმხრივი ავიამიმოსვლა აღდგა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია რუსეთთან ურთიერთობების აღდგენით და მოსკოვი ამაში თავის წვლილსაც შეიტანს. სერგეი ლავროვმა ასევე ისაუბრა რუსების მხრიდან ქართველების მიმართ დიდ სიყვარულზე და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას.
“დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენ არ გაგვიწყვეტია, ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივა, რომელმაც აშშ-ის წახალისებით ხელი აწია საკუთარ მოქალაქეებზე, ოსებზე, ხელი აწია მშვიდობისმყოფელთა წინააღმდეგ და როცა ღირსეული პასუხი მიიღო, თავისი სრული პოლიტიკური და სამხედრო მარცხის კომპენსაცია ანტირუსული ქმედებებით დაიწყო. ჩვენ არასდროს გვქონია ნეგატიური დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენ ნამდვილად გვიყვარს ქართველი ხალხი, ხოლო რუსეთის ისტორიაში და საბჭოთა კავშირის ისტორიაში, ჩვენი ხელოვნების, კულტურისა და მეცნიერების ისტორიაში ქართველებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ.
როდესაც დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, თუნდაც, რიგითი მოქალაქეების ინტერესების გამო, რომლებსაც სურთ ერთმანეთთან ურთიერთობა, შევთანხმდით ბატონი ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე და გაუქმდა სავიზო რეჟიმიც. საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება და საჰაერო კომუნიკაციების დამყარება, რა თქმა უნდა, ჩვენს ურთიერთობას ბევრად კომფორტულს ხდის. იზრდება ავიარეისების რაოდენობა, ფართოვდება პირდაპირი ფრენების გეოგრაფიაც, იზრდება სავაჭრო ბრუნვა. ჩვენთან დიდი პოპულარობით სარგებლობს ბევრი ქართული ტრადიციული საექსპორტო პროდუქტი: ღვინო, ბორჯომი და მრავალი სხვა”, – განაცხადა ლავროვმა.
ალეკო გვეტაძე