მთავარიევროპაუკრაინამოგერიებული რუსული შეტევა

მოგერიებული რუსული შეტევა

ბახმუტის ფლანგზე გრძელდება მძიმე ბრძოლები. აქ უკრაინის დამცველებმა რამდენიმე მძლავრი რუსული იერიში მოიგერიეს. საბრძოლო დაპირისპირებაა დონეცკის მიმართულებითაც. როგორც უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, ბოლო პერიოდში ისინი უპილოტო საფრენ აპარატებს აქტიურად იყენებენ.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსებმა უკრაინულ პოზიციებს სამხრეთის ფრონტზე, რობოტინოს მიმართულებითაც შეუტიეს. ხერსონის ფლანგზე კი უკრაინა რუსული არტილერიის საწინააღმდეგო აქტიურ საბრძოლო მოქმედებებშია ჩართული.

„დღეს უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ იმ ადგილებს, სადაც მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობა, აღჭურვილობა და ტექნიკაა განთავსებული, 7 დარტყმა მიაყენა. ჩამოვაგდეთ რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატიც. ჩვენი სარაკეტო ძალების საშუალებით კი განადგურდა რუსული მართვის ერთ-ერთი ცენტრი, საზენიტო სარაკეტო კომპლექსები და საარტილერიო საშუალებები. საერთო ჯამში იერიშის შედეგად დაიღუპა 330 ოკუპანტი, განადგურდა 4 ტანკი, 12 ჯავშანმანქანა, 38 ერთეული საარტილერიო სისტემა და სხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა“, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერმა პავლო კოვალჩუკმა.

ფრონტზე დაპირისპირების პარალელურად რუსებმა ძლიერი იერიში მიიტანეს სხვადასხვა უკრაინულ ქალაქსა და დასახლებაზე. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ჯამში 39 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს. მათგან 34 ერთეული ლიკვიდირებულია. ამას გარდა, მოწინააღმდეგემ უკრაინას 57 საავიაციო და ორი სარაკეტო დარტყმა მიაყენა. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა განსაკუთრებული სისასტიკით დაბომბა ხერსონის რეგიონი.

რუსულ სამხედრო ბლოგებზე კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინამ არაერთხელ მიიტანა მძლავრი საარტილერიო იერიში რუსულ პოზიციებზე, თუმცა აღნიშნავენ, რომ ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი ცვლილება არც ერთი მხრიდან არ აღინიშნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend