,,ამერიკის მწერალთა გილდიის” წევრები 146-დღიანი გაფიცვის დასასრულს აღნიშნავენ. გაფიცული სცენარისტები ჰოლივუდის დიდ სტუდიებთან შრომის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შეთანხმდნენ.
სცენარისტები ხელფასების გაზრდას და მათ მიერ შექმნილი პროგრამების განმეორებითი ჩვენებების შემთხვევებში დამატებით ანაზღაურებას ითხოვდნენ.
,,ძალიან ამაყი ვარ. ვფიქრობ, უმნიშვნელოვანეს ცვლილებას მივაღწიეთ – არა მხოლოდ მწერალთა გილდიისთვის, არამედ მრავალი სხვა პროფკავშირისთვის. ვიმედოვნებ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია“, – ამბობს ჯაზმინ პეკი, მწერალთა გილდიის წევრი.
„ძალიან მიხარია, რომ დასახულ მიზანს მივაღწიეთ. დიდხანს ვიბრძოდით ამისთვის, გაუსაძლის სიცხეებში გამოვდიოდით. ამბობდნენ, რომ ამ პროტესტით მხოლოდ საკუთარ თავს ვაზიანებდით, მაგრამ ჩვენ მთელი ინდუსტრია შევცვალეთ”, – აცხადებს კრისტოფერ დერიკი, მწერალთა გილდიის წევრი.
,,ძალიან ვამაყობ, რომ ამ გილდიის წევრი ვარ. ამ ადამიანებმა ჩვენი ინდუსტრია გადაარჩინეს. არა მხოლოდ მათთვის, ვინც დღეს აქ შეიკრიბნენ, არამედ იმ ახალგაზრდებისთვისაც, რომლებიც ახლა იწყებენ კარიერას“, – მარლიზ ბოულანდი, მწერალთა გილდიის წევრი.
პროტესტი მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და იგი ბოლო რამდენიმე ათწლეულში ყველაზე ხანგრძლივ გაფიცვად იქცა. შედეგად, რამდენიმე მილიარდი დოლარის ზიანი განიცადა მსოფლიო კინოინდუსტრიამ, დროებით შეწყდა მუშაობა არაერთ პოპულარულ ფილმსა თუ ტელესერიალზე.
კვლავ გრძელდება მსახიობთა პროფკავშირის, სატელევიზიო და კინემატოგრაფიული პროდიუსერების ალიანსის გაფიცვა, რომელიც 160 000 წევრს აერთიანებს.