რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი მეოცნებეა. რუსმა მაღალჩინოსანმა ეს განცხადება ფრანგი ლიდერის მიერ ნათქვამს მოაყოლა, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანი და რუსეთის ფედერაცია სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის დანგრევის მიზნით თანამოქმედებენ. საფრანგეთის პრეზიდენტმა სომხეთს ჰუმანიტარული დახმარების გაწევის პირობაც მისცა. საფრანგეთში მრავალრიცხოვანი სომხური დიასპორაა და პარიზი ხშირად უწევს ანგარიშს ერევანს საერთაშორისო ასპარეზზე. კრემლში ასევე ამტკიცებენ, რომ ბრიუსელი და ვაშინგტონი ერევანს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის დატოვებაში არწმუნებენ.
მარია ზახაროვა, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი: “ვაშინგტონი და ბრიუსელი სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა დარწმუნებას ცდილობენ, რომ მათ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია დატოვონ. ერევანმა ნატოსთან უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა და კავშირი, აზერბაიჯანთან კი ისეთი ხელშეკრულება გააფორმოს, რომელიც მთიან ყარაბაღში მცხოვრები ეთნიკური სომხების ინტერესებს არაფრად ჩააგდებს, როგორც ჩანს, ჩვენ დასავლელ პარტნიორებს გეოპოლიტიკური ინტერესების ფონზე ადამიანის უფლებები სულ დაავიწყდათ.
ემანუელ მაკრონი მეოცნებეა, მეტი რა გითხრათ. მას საკმაოდ დიდი ფანტაზიის უნარი აქვს, ცოტათი გაუგებარია, თუ რას გულისხმობს ის, შესაძლოა მას ისეთი ინფორმაცია აქვს, რომელზეც წვდომა ჩვენ არ გვაქვს, კარგი იქნებოდა, რომ მას ჩვენთვის მეტი ეთქვა, მსურს ჩავწვდე, თუ რას გულისხმობს ის”.