აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა.
შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.
აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება.
აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები.
1993 წლის 27 სექტემბერს საქართველოს სამთავრობო ძალების სამხედროებმა, შტაბის სარდლობამ და სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ ედუარდ შევარდნაძემ სოხუმი დატოვეს. სოხუმის დაცემამდე შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა რამდენჯერმე მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმებას, თუმცა რუსეთმა და მის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა შეთანხმებები დაარღვიეს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სრულ დამარცხებას რეგიონში ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოჰყვა. გადარჩენილი 250 000-ზე მეტი ეთნიკურად ქართველი, ბერძენი თუ სხვა უმცირესობების წარმომადგენელი აფხაზეთიდან ლტოლვილი და დევნილი გახდა.
სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა.